ტაქსების რეფორმის მომდევნო ეტაპი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, ვაგონების დამატება - მერიის გეგმა

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მომდევნო ეტაპების პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, მოეწყობა 10 სატრანზიტო დერეფანი, რის შედეგადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად, შეუფერხებლად გადაადგილდება.

მან პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა არსებობს, რომელთა შორიაა პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო.

„დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი – ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს.

ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და საავტობუსო ზოლების მოწყობის გაგრძელება; ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან 8 წუთამდე – საშუალოდ მოცდის დრო 18 წუთია, თუმცა, არსებობს უბნები, სადაც ადამიანებს ლოდინი ნახევარი საათი ან 40 წუთი უწევთ; ასევე, გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების დამატება და საავტობუსო ზოლების მოწყობა, “- თქვა მან.

მერის განცხადებით, მათი გამოწვევაა, ასევე, მეტროსადგურების განახლება, რასაც უახლოეს მომავალში მოაგვარებენ.

კალაძის თქმით, არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას:

  • 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება, რითაც შეიკვრება 10 სატრანზიტო დერეფანი;

  • დამატებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და შემოყვანა;

  • დამატებით, 40 ახალი ვაგონი მეტროსთვის; მეტროსადგურების რეაბილიტაცია;

  • სატრანსპორტო ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა და ტაქსების რეფორმის III ეტაპი.

რაც შეეხება სატრანზიტო დერეფნებს, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში 10 მსგავსი დერეფანი მოეწყობა, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.

სატრანზიტო დერეფნებია: I დერეფანი (პოლიტკოვსკაიას ქ.-გაბრიელ სალოსის გამზ.); II დერეფანი (უნივერსიტეტის ქ.-მოსკოვის გამზ.); III დერეფანი (თამარაშვილის ქ.-მოსკოვის გამზ.); IV დერეფანი (ჭავჭავაძის გამზ. – ხიზანიშვილის ქ.); V დერეფანი (ვაჟა-ფშაველას გამზ. -გაბრიელ სალოსის გამზ.); VI დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. – კუპრაძის ქ.); VII დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – კუპრაძის ქ.); VIII დერეფანი (თავდადებულის ქ. – სადგურის მოედ.); IX დერეფანი (თავდადებულის ქ. – უნივერსიტეტის ქ.); X დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – უნივერსიტეტის ქ.) დასრულდება 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.