ტაქსებთან მიმართებით ახალი შეზღუდვა, გარდა არსებულისა, არ წესდება - გახარია

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტისგან განსხვავებით, არ შეეხება ტაქსებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რა წესით იმუშავებს ტაქსები.

„ტაქსებთან მიმართებით არანაირი სპეციფიკური შეზღუდვა, გარდა პირბადისა, რაოდენობის შეზღუდვების არ წესდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს მოქმედი რეგულაციებით, იკრძალება ტაქსით გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტრანსპორტზე წესდება შემდეგი შეზღუდვები:

28   ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
  • ქ. თბილისის,  ქ. თელავის, ქ. ბათუმის,  ქ. ქუთაისის,  ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3  იანვარი – 15 იანვრის პერიოდში

  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

16 იანვარი – 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა,
  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი აჩერებს მუშაობას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

  • მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილებას.