TASS: ქალი, რომელიც „პერვი კანალზე“ პლაკატით შეიჭრა, დაკავებულია და ადმინისტრაციული საქმის აღძვრა ემუქრება

პუბლიკა

რუსულ ტელეარხ „პერვი კანალზე“ საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ერთ-ერთი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ტელეწამყვანის ფონზე პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა, რომელზეც წარწერა იყო: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ ენდოთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ“.

რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „ტასი“ იუწყება, რომ სტუდიაში შეჭრილი ქალი დაკავებულია და მას ადმინისტრაციული საქმის აღძვრა ემუქრება.

„გოგონას შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლის მიხედვით („საჯარო ქმედებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ, რუსეთის ფედერაციის და მისი ინტერესების დასაცავად. მოქალაქეებო, შეინარჩუნეთ საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება”)“, – წერს ტასი წყაროზე დაყრდნობით.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მარინა ოვსიანიკოვას ვიდეომიმართვა, რომელიც მან, სავარაუდოდ, ეთერში შესვლამდე ჩაწერა.

ვიდეომიმართვაში ოვსიანიკოვა ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინაში აგრესიაზე პასუხისმგებლობა ერთადერთ ადამიანს, პუტინს ეკისრება. ის უკრაინაში რუსეთის ომს ძმების მკვლელ ომად მოიხსენიებს.

მარინა ოვსიანიკოვა ამბობს, რომ ძალიან რცხვენია იმის გამო, რომ ბოლო წლის განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ არხზე მუშაობდა. მისი თქმით, რცხვენია, რადგან ეკრანიდან სიცრუე ვრცელდება, რცხვენია, რადგან არხი რუსი ხალხის ზომბირებითაა დაკავებული.