თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანამ თავის დროზე „ბუკის“ სისტემა და „ჯაველინები“ შეისყიდა

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, რომელიც უკრაინისთვის „ბუკებისა“ და „ჯაველინების“ გადაცემას ეხება.

ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინამ საქართველოს სთხოვა „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა. ასევე – აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ არასწორია ინფორმაცია თითქოს უკრაინამ „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს.

„აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ  თავდაცვის უწყებამ 2017 წელს ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინი“ შესყიდვის მიზნით. საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები. რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, – ამბობენ სამინისტროში.