კასიანოვი: უკრაინამ საქართველოსგან 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება ითხოვა

პუბლიკა

საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ უკრაინამ საქართველოს სთხოვა „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა.

ამის შესახებ საუბარია ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელიც „უკრაინსკა პრავდაში“ დღეს გამოქვეყნდა. სტატიის სახელწოდებაა – „როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად რჩება პრობლემები“. 

მასალის დასაწყისში კასიანოვი წერს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ამჟამად საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობები და სად წარმოიშვა პრობლემები.

მისი თქმით, ამჟამად პრობლემურად რჩება რამდენიმე საკითხი, ესენია –  უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების რეჟიმის შემოღება, სავიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მასობრივად აფარებენ თავს საქართველოს. ასევე, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

რაც შეეხება იარაღის თემას, ანდრეი კასიანოვი წერს, რომ უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების მოთხოვნისას, ის ასევე ღიად აცხადებდა იარაღის სასიცოცხლო აუცილებლობაზე რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე.

„კერძოდ, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

უკრაინის თხოვნაში ასევე შედიოდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადმოცემული „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება აშშ-დან, არამედ წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმის მცდელობის შესახებ”– წერს ის.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ანდრეი კასიანოვი წერს, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხს არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილში განიხილავს. ამიტომ დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს ის ევროპის რომელიმე წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში.