თავდაცვის სამინისტროში უფროსის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ქალმა ინსპექციას მიმართა

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ქალმა სექსუალური შევიწროებისა და გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევების გამო, გენერალურ ინსპექციას მიმართა. წარდგენილი ვიდეო/აუდიო მტკიცებულებების მიუხედავად, გენერალური ინსპექცია ამ დრომდე დუმს. ქალს კი იმავე გარემოში უწევს მუშაობა, რაც მისთვის საფრთხის შემცველია. ამის შესახებ ორგანიზაცია „საფარში“ საუბრობენ. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს, რომელთაგან ერთ-ერთი უშუალოდ ქალის ხელმძღვანელია, ორი კი ამავე დანაყოფში მომუშავე ასევე მაღალი თანამდებობის პირი.

ახალგაზრდა ქალმა ორგანიზაციას 23 აგვისტოს მიმართა და სექსუალური შევიწროებისა და გენდერული დისკრიმინაციის შესახებ აცნობა. ასევე, წარადგინა ვიდეო და აუდიოჩანაწერებიც.

როგორც ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს, ქალი ჰყვებოდა, რომ დაახლოებით 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურად იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. სექსუალური შევიწროება გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  დამამცირებელ/დამაკნინებელ მიმართვებში.

„ქალი სექსუალურ შევიწროებასთან ერთად, ასევე ახსენებდა გენდერულ დისკრიმინაციას, კერძოდ, დანაყოფში განსხვავებულ მოპყრობას ქალების მიმართ. ეს გამოიხატება იმით, რომ საცხოვრებელი ფართი კაცებს აქვთ ცალკე, სადაც შეუძლიათ მოსვენება და ძილი.

ქალების შემთხვევაში არ არის ასე განცალკევებული ფართი.  სამუშაო სივრცეში, ე.წ. ოფისის სივრცეში მოუწყვეს საძინებელი. ამ სივრცეში კაცები დღის განმავლობაში და გვიან საღამომდე მუშაობენ, სწორედ აქ უწევთ ქალებსაც ძილიც“, – ამბობს თამარ ლუკავა.

მისივე თქმით, გენერალურ ინსპექციაში წარდგენილი აქვთ ამის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები, რომელზეც კარგად ჩანს ეს გარემო.

როგორც ადვოკატი ამბობს, დაზარალებულ ქალთან საუბრიდან მეორე დღესვე მიმართეს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევისთვის. თამარ ლუკავას თქმით, საქმეშია მოწმეების ჩვენებების – ქალის დანაყოფში მომუშავე კიდევ ორი ქალი ადასტურებს იმავეს და საუბრობს დისკრიმინაციულ გარემოზე.

ადვოკატი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ გენერალურ ინსპექციაში დაზარალებულ ქალს და მას, როგორც ადვოკატს, დახვდა მტრული გარემო. კერძოდ,  ქალს ინსპექციაში ეუბნებოდნენ, რომ რაში სჭირდებოდა სხვა პირი, უშუალოდ მას გაესაუბრებოდნენ და მოაგვარებდნენ.

„ორი კვირაა, მიმდინარეობს მოკვლევა. ერთი კვირის ვადაშიც საკმარისი იყო ამის მოკვლევა, რადგან მათ აქვთ ყველა მტკიცებულება. როგორც ვიცით, გამოკითხულებიც არიან შესაბამისი პირები, მაგრამ ინსპექცია დუმს. ქალი კი იმავე ხელძღვანელის დაქვემდებარებაშია და იმავე საცხოვრებელში უწევს ყოფნა“, – ამბობს ადვოკატი თამარ ლუკავა.

„საფარის“ მიმართვის საფუძველზე ამ საქმეზე მონიტორინგს აწარმოებს სახალხო დამცველის აპარატიც.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოითხოვენ დროულ რეაგირებას გენერალური ინსპექციისგან. მათივე თქმით, ასეთი მძიმე ბრალდების შემდეგ ინსპექციას შეეძლო,მოკვლევის დასრულებამდე დროებით ზომა გაეტარებინა – ან ქალი გადაეყვანათ სხვა განყოფილებაში, ან შეეჩერებინათ საქმიანობა ამ პირებისთვის.

ადვოკატის ცნობით, პრესკონფერენცია ქალის მოთხოვნით გამართეს, რადგან ის საკმაოდ სტრესულ გარემოშია და მისთვის მნიშვნელოვანია, დროულად დაასრულოს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა.

პრესკონფერენციის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ამ საქმესთან დაკავშირებით. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტის გარშემო გენერალურმა ინსპექციამ გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც ხელშეკრულებითაა დასაქმებული.

„გამოკითხვის, დათვალიერება-დაოქმების პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც საკმაოდ საყურადღებო და შრომატევად პროცედურებს მოიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა ერთი მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორე მხრივ, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია“, – ამბობენ უწყებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile