თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს, კეზერაშვილსა და ნინუას €5 060 000-ს ანაზღაურება დაეკისრათ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარის ანაზღაურება დააკისრა, – განცხადებას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ.

„საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია „GIRWOOD BUSINESS CORP”-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი”, – ნათქვამია განცხადებაში.