თავდამსხმელები ვოლსკის შტაბის წევრები არიან – ნიკა გვარამია

პუბლიკა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიციის განყოფილებაში 30 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.

გამოკითხვაზე შესვლამდე ფეიბუკის პირად გვერდზე მან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს. ჩემთვის ხელისუფლების რეაგირებაა მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები არიან ჩუღურეთის რაიონიდან, სვანეთის უბნიდან. ვოლსკის შტაბის წევრები არიან და მის ივენთებზე ხშირად შემჩნეულები.  რწმენა მაქვს, რომ ვოლსკის გამოგზავნილები არიან. მე მოვითხოვ ვოლსკის დაკითხვას და იმას, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო და დატოვოს მანდატი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ პოლიციის შენობასთან.

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

საქალაქო სასამართლოში, სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასმართლო პროცესი მიმდინარეობდა, მის ადვოკატ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას ორმა უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა. გვარამიას თქმით, მას სახეში ჩაარტყეს.

ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე „მედია კოალიციამ” განცხადება გაავრცელა.

კოალიცი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით. კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია.