შსს-ს ცნობით, უწყებამ გიორგი ახობაძეზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მოწმეთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილებისას, გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა. გამოკითხვისას, თავად გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ ვერ მოახერხებს თავდამსხმელების ამოცნობას. ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მისი ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გამოძიება გრძელდება. შსს ყველა პირს მოუწოდებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ, იქნება ეს დაზარალებული თუ მოწმე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქმის დროულად გახსნისა და დამნაშავე პირთა დასჯისათვის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ექიმ გიორგი ახობაძის განცხადებით, 4 ნოემბერს გამთენიისას, მას თავს დაესხნენ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ახობაძე ჰყვება, რომ აეროპორტიდან ტაქსით მომავალს მანქანამ გზა გადაუჭრა, უცხო პირებმა თქვეს, რომ პოლიციიდან იყვნენ, ტაქსის უკანა კარი გააღეს და ახობაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები ან თვითონ ეგენი… შუა გზაში, შუა ქალაქში ტაქსის უცებ წინ გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ გამოიძიებს. კამერებში ყველგან ჩანს, სადაც იყვნენ, აეროპორტშიც შევამჩნიე მანქანა, პოლიციამ რამდენჯერმე უთხრა, გაიწიეო და არ მიდიოდა. არავინ არ გამოიძიებს“, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.
პასუხად გიორგი ახობაძე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უშუალო თავდამსხმელს სახეზე ვერ ამოიცნობს იმიტომ, რომ სიბნელეში მოხდა თავდასხმა და ის თავდამსხმელს ვერ ხედავდა.
„ყველა საშუალება აქვს პოლიციას და პროკურატურას დაადგინოს უშუალო თავდამსხმელი. მე მას (უშუალო თავდამსხმელს) სახეზე ვერ ამოვიცნობ იმიტომ, რომ სიბნელეში მოხდა თავდასხმა და მე მას ვერ ვხედავდი! ამისთვის არსებობს სხვა, ძალიან მაღალი სიზუსტის და სარწმუნოობის კვლევები და ექსპერტიზები! პირველ რიგში უნდა ამოღებულ იქნას ყველა კამერის უწყვეტი ფირი, რომელიც დაახლოებით 30-40 წთ-ია, დიდი არაფერი საქმეა მისი ანალიზი.
დადგენილ იქნას მანქანაში მჯდომი ყველა პირი და შემდეგ როგორც სამედიცინო, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზით შესაძლებელია ზუსტად იმ პირზე გასვლა, ვინც უშუალო თავდამსხმელი იყო“,- წერს ახობაძე.