„თავის დროზე პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი“ - სააკაშვილი

პუბლიკა

„თავის დროზე პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის შეხვდა უკრაინის მაშინდელ პოლკის მეთაურს და ერთად დასახეს გეგმა, თუ როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები უკრაინელებს.

„ნახეთ, როგორი ერთიანობა აჩვენეს უკრაინელებმა. მე უკრაინული პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ისე  უკრაინას ეკუთვნის. მე ამ ბრძოლაში დიდი ხანია ვარ. თავის დროზე პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა. ჩვენ ერთად ჩამოვედით. მან მთხოვა ნებართვა, მერე მე შევხდი პოლკის მაშინდელ მეთაურს და ერთად დავსახეთ გეგმა, თუ როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები.

მერე ბახვა [ჩიქობავა] ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა. საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

„აზოვის“ პოლკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სერგეი კოროტკიხმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლკი „აზოვი“ ქართველ მოხალისე მებრძოლებთან, ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ყუფარაშვილთან ერთად 2014 წელს დააფუძნა. განცხადება უკრაინული მედიით გავრცელდა.

„აზოვი“ 2014 წელს დავაარსეთ მე და ორმა მოხალისე ქართველმა: ბახვა ჩიქობავამ, რომელიც მარიუპოლის დაცვისას დაიღუპა და გიორგი ყუფარაშვილმა – ის მძიმედ დაშავდა და ვინიციაში მკურნალობს… ჩვენ თავად შევქმენით მებრძოლთა და ოფიცრების სკოლები – ეს ყოველივე 90%-ით გიორგის დამსახურებაა. ის 7 წლის განმავლობაში დაკავებული იყო სწავლებით და მარიუპოლის დაცვის გეგმის შედგენით, რომლის მიხედვითაც, ახლა ამ ქალაქს ვიცავთ. გიორგის იშვიათად ახსენებენ, ეს უსამართლობაა“, – თქვა სერგეი კოროტკიხმა.