„თავის მოტყუება აღარ შეიძლება!" - პრეზიდენტის სრული სიტყვა

პუბლიკა

გთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საპარალამენტო მოხსენების სრულ ტექსტს:

მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

პატივცემულო დეპუტატებო,

მინისტრებო,

მივესალმები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებს,

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს,

მივესალმები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,

მივესალმები სხვა საპატიო სტუმრებსა და ჩვენს საზოგადოებას,

სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაიანას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.

31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთარი მომავალი გადაწყვიტა.

,,აღსრულდა ნება ქართველი ერისა“, – ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება. თქვენს წინაშე გამოსვლისთვის, სწორედ, ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც, გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას.

ისევე, როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი ხელისუფლებისგან   მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას.

31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია – ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი.

მუხლი 78: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ამიტომ არ შემიძლია დღეს არ შეგახსენოთ სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით.

თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარეთ ხელისუფლება, შეუდექით სამართლიანობის აღდგენას, ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თქვენმა ხელისუფლებამ თავი მოუყარა თითქმის ყველა მაშინდელ ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება.

საგარეო მიმართულებით თქვენმა ხელისუფლებამ გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე.

2012 წელს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი მისი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია. 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი. ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ უამრავი უცხოელი სტუმრის მონაწილეობით. 2021 წელს კი, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განცახადს გააკეთებდა.

ამ ევროპულ გზას თქვენ, მმართველი პარტია, ერთხმად უწოდებდით „ჩვენ ცივილიზაციურ არჩევანს“. ამიტომ ახლა არ შემიძლია, არ გითხრათ, თუ არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით?

ახლა გეტყვით. დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაქუმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას.

ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი ჩიხშია შესული, თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას.

„ქართული ოცნებიდან“ ნელნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე.

თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. 2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით და აქ დასვით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იწყება დიდი გაუგებრობა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, პირდაპირ ვიტყვი, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი თქვით ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ ძალიან არაქართული მოქცევით.

უკრაინასთან მიმართებაში კი, ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა. დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა – მორალური და პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას და დროს ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს – მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას. ასევე, იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ბელარუსს, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და პირდაპირ უღალატა არაღიარების პრინციპს – ახია ჩვენზე!

ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობითა და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან, რომლებიც ტრადიციულად ითვლებოდნენ, როგორც ჩვენი მთავარი მხარდამჭერები. ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას, მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

ახლა კი, არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა?

ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთრი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც ხალხი გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა. ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა – არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის.

  • 2020 წლის 20 ივნისს გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა, არცერთი ფორმით და არცერთი წამით.
  • 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყნას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს.
  • 2023 წლის 7-8 მარტს, გითხრათ, როგორი მომავალი სურს, და რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას.

ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია – ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება. რაც არ უნდა სიმართლე იყოს, ის, რომ ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის.

ამიტომ რაც არ უდნა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით – მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით, ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან.

თუ გადავხედავთ ევროპულ რეკომენდაციებს, აქ ჩვენთვის არაფერია უცხო, არ არის არც ერთი გაუცხოების საფრთხე, პირიქით, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია:

  • რამ გაყო დეპოლარიზაცია და ჩვენი საუკუნოვანი ტოლერანტობა, შემწყნარებლობა?
  • რამ გაყო ევროპული მოთხოვნა სასამართლო რეფორმისა და ჩვენი ტრადიცია ქართული სამართლის ძეგლებზე დაყრდნობილი და ჩვენში გამჯდარი სამართლიანობის მოთხოვნა?
  • რამ გაყო გენდერული თანასწორობა და ჩვენი ისტორიულად დაცული ქალის სამართლებრივი უფლებები (ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე) და ქალთა მიმართ პატივისცემა?

რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართევლოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით, და მშვიდობიან განვითარებას. ამდენად, რაც არ უდნა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს.

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე.

  • ერთი ვინმემ მითხრას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა, რომლითაც ესოდენ აპელირებთ, ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვისთან გვაკავშირებს თუ არა ევროპასთნ?
  • ერთი ვინმემ მითხრას, ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ჩართვის გარეშე როგორ განვითარდებოდა იზოლაციაში მყოფი ჩვენი განათლების სისტემა?

დაბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებამ შემოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება, შრომის კოდექსის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების ნორმები, გარემოს დაცვის სტანდარტები და ა.შ. საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია!

თუ აქამდე ვისაუბრე თქვენ მიერ ბოლო პერიოდში არჩეულ ბუნდოვან და ჩემთვის, ხალხისთვის გაუგებარ გზაზე, იმდენი მესმის, რომ თქვენთვისაც, როგორც ამას ხშირად აღნიშნავთ, გაუგებარია ჩემი საუბარი და მიზანი.

პრეზიდენტის როლი ევროპულ გზაზე

მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს და გუშინ მე და ხალხს იყო მაშინაც ჩემთვის გადამწყვეტი, როცა წარვდექი თქვენს წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. და მეტიც, ეს ჩემი ცხოვრების უცვლელი მიზანი იყო – საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხელებელი იქნება. ანუ, საბჭოთა, თუ რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება!

ემიგრაციაში, სადაც გავიზარდე, ეს მიზანი იყო ერთადერთი მამოძრავებელი. საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის მანძილზე პოლიტიკური ემიგრაციის ბრძოლა ამ ერთ მიზანს ემსახურებოდა. მართალია, მას არ ჰქონდა ბერკეტი, რათა დაემარცხებინა საბჭოთა ძალა, მაგრამ ჰქონდა სხვა ძალა – რწმენა თავისუფალი მომავლისა! ბრძოლა ქართული ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს იდეის გადარჩენისათვის და მისი ადგილის თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს ერთეულად დამტკიცებისთვის. ვინც მაშინ ფიქრობდა, რომ ეს იმედი და რწმენა რეალობას აცდენილი იყო, თვითონვე აღმოჩნდა ისტორიის მიღმა. იგივე ელის მათ, ვინც დღესაც ვერ ხვდება, რომ მსოფლიო იცვლება და ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ იმარჯვებს. როგორც გუშინ საბჭოთა კავშირს, რუსეთსაც ელის ახალ რეალობას გაუსწოროს თვალი.

იგივე მიზანი მამოძრავებდა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დავთანხმდი. დღესაც არ ვნანობ და კიდევაც ვამაყობ მიღწეული შედეგით – რუსეთის ბაზების გაყვანა ქვეყნიდან (ანუ ერთადერთი ორმხრივი შეთანხმება, ორნახევარი საუკუნის მანძილზე, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია, არ მკითხოთ რატომ) და ჩვენი დიპლომატიის ახალ საწყისებზე დაყენება, ზუსტადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ორივე ემსახურებოდა მთავარ მიზანს, სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამყარებას.

ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი – ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი.  მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ!

იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.  ახლაც იგივეს ვიტყვი: მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ! ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის ნება უცვლელია!

ახლა უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად. ეს კითხვაც ხშირად ისმის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:

  • საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
  • საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
  • საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

ასე რომ, რაც არ უნდა ეცადოთ რომ:

  • ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ,
  • ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ,
  • ხან რომელ ძალას მიმაწებოთ,
  • ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები,
  • ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა,
  • ხან ქართული დამიწუნოთ,
  • ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს,
  • და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ,მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით მომავალში.

როგორც ამბობენ ,,საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“ და ამდენად, ახალა გადავალ საქმეზე.

ჩვენი მოქალქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წარმოადგენდა და წარმოადგენს ჩემს მოტივაციას ორმაგი მოქალაქეობის საკითხის ინიცირებისას და ეს მიზანი მიღწეული იქნა ჩემი დეპუტატობის დროს. ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავკარგოთ არცერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა 1991 წლის რეფერენდუმში და არ დავკარგოთ მათი შთამომავლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა კიდევ გავამარტივოთ მოქალქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის. ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე რაღაც ფრენების აღდგენა.

თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი უწყვეტი მცდელობების მიუხედავად, ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა და მოითხოვს მიდგომის შეცვლას, ეროვნული ინტერესის გააზრებას, მითუმეტეს დღევანდელ დემოგრაფიულ პირობებში. აქვე მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და კატეგორიულად გამოვაცხადო და ხალხს გავაგებინო, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს მოქალაქეობის კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, ამ კომისიაშია მიდგომა შესაცვლელი. ამიტომ, ხალხი არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, თითქოსდა პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება.

ჩვენი ხალხის ნების და მისწრაფების დაცვა ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი და არსია, რაც გამყარებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან, ვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რაც, როგორც იცით, არც ისე ბევრია: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშრისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, იმისთვის, რომ დავიცვა და გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები. მე, სხვათაშორის, თქვენ გიცავთ.

უფრო დეტალურად, 2021 წლის მარტს საქართველოში, ჩემი ძალსიხმევით, განხორციელდა შარლ მიშელის ვიზიტი და მისი ანუ, ევროკავშირის ისტორიული ჩართულობა ქვეყანაში არსებული კრიზისის გადსაჭრელად. შედეგი, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მიღწეული იქნა, სადაც მსოფლიომ ნახა, დემოკრატიული, ერთად მდგარი ქვეყნის სურათი – ოპოზიცია, უმრავლესობა, პრეზიდენტი და ევროკავშირი. დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები.

2021 წლის 23 ივნისს, ჩემი ძალისხმევით ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში, 15 წლის შემდეგ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, დიპლომატიური ურთიერთობები უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს და მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა, წარუმატებელი ყოფილიყო, ან საერთოდ არ შემდგარიყო ვიზიტი, შესაძლებელი გახდა ერთად დაგვეწყო მუშაობა პეტრას სამიტზე.

2021 წლის 19 ივლისს, საქართველოში ჩემი ძალისხმევით, განხორციელდა ისტორიული, უმაღლესი დონის პეტრას სამიტი – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ევროკავშირი, სადაც მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე არის ლიდერი, ინიციატორი და მოწინავე. სამიტის ბოლოს საამაყო, საზეიმო იყო ჩვენი ერთობა: პრეზიდენტი, პრემიერი და ჩვენი მეგობრები ერთად და იმედიანად ვუყურებდით ჩვენს ევროპულ მომავალს. დღეს სად ვართ, ამას აღარ დავუბრუნდები.

ასევე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და ევროპის გზის დაცვის სხვადასხვა ეტაპზე გადავდგი სხვადასხვა ნაბიჯები:

  • გამოვიყენე ჩემი დისკრეციული უფლება, (ყველამ იცის, რომ ეს იყო ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება), თუმცა სამწუხაროდ, ამ სამმა შეწყალებამ არც პოლიტიკურ შედეგზე და არც დეპოლარიზაციზე არ იქონია სასურველი გავლენა.
  • გამოვიყენე, ასევე, ჩემი კონსტიტუციური ბერკეტი და კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი ევროპული ინტერგრაციის პროცესს, დავადე ვეტო და მომავალშიც ასე მოვიქცევი, როცა ევროპული გზას დაემუქრება საფრთხე.
  • გამოვედი ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა პოლარიზაციის შემცირებას და საზოგადოებრივი შეთანხმების მიღწევას ქვეყნის მთავარი ეროვნული ინტერესების ირგვლივ. ამ პროცესმა სათავეში მიიღო ხალხის მხარდაჭერა, თუმცა უკრაინიაში ომის დაწყების შემდეგ პროცესი, თავისი პირველადი ფორმით ვერ გაგრძელდა და ვერ გაგრძელდება. დღეს კი უკვე ნათელია, რომ საზოგადოება სრულად დეპოლარიზებულია და შეჯერებულია ქვეყნისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხზე: ევროინტეგრაცია და სოლიდარობა უკრაინისადმი. ამ მიღწევას მე ვერ დავიბრალებ, მაგრამ ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და სწორედ ამ მიზნით მივმართე რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს 2022 წლის 4 მარტს და ახლახანს ნიუიორკიდან 8 მარტს.

იმის მიუხედავად, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ, ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, რომ კიდევ ერთხელ განმეახლებინა ჩემი საერთაშორისო აქტივობა, როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე, საერთაშორისო მედიაში, რათა მომეხდინა ქვეყნის ევროპული ინტერესის დაცვა და პოზიციონირება იმ თემაზე, რომ ჩვენ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ. აქვე, მივესალმები შარლ მიშელის ბოლო განცხადებას, რომელიც გვიხსნის შესაძლებლობის ახალ ფანჯარას – არა მხოლოდ სტატუს, არამედ მოლაპარაკებების გახსნას.

დაბოლოს, ახლახანს მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილიბელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ.

პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხს და ხელსიუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირთ, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც დამაბალანსებელი და გამაერთიანებელია. ასეთი მაგალითები სულ ახლახანს გვაჩვენა ისრაელიის პრეზიდნეტმა ისააკ ჰერცოგმა და ადრე იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ.

ამდენად, ასეთ ვითარებაში, სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ, რომ სრულიად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას.

დღეს ყველანი ვართ არჩევანის წინაშე, ხელისფულებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდანტს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ყველანაირ შანს ვკარგავთ.

თავის მოტყუება აღარ შეიძლება!

ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. დღეს მოვისმინეთ სრულად ეს ფორმალური შესრულება.

მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს.

რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ.

ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული, გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ყველამ ერთად ისეთი რეალური შედეგი დავდოთ, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვიტანს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდნეტი და არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის.

ჩვენ არ უდნა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“.

გილოცავთ დღვანდელ დღეს და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას და სამომავლო გზაზე კიდევ მრავალ გამრჯვებას ვუსრვებ!