თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მზად ვარ მესამედ წავიდე ციხეში - უგულავა

პუბლიკა

გიგი უგულავამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის ახლა „ევროპული საქართველოს” ოფისში მიდის და შემდეგ თავად გეგმავს ციხეში თავისი ფეხით მისვლას.

„მაცნობეთ, როგორ უნდა აღვასრულო უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება”, – თქვა გიგი უგულავამ. მისი თქმით, ის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ იღებს სასჯელს, რადგან „ივანიშვილის საქართველოში ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანმა შეიძლება თავისუფლება იპოვოს,”  – თქვა უგულავამ.

„როგორც ცნობილია, ივანიშვილმა თადუმაძის ხელით იმავე საქმეზე, რაც მაქვს მოხდილი (არსებითად ვგულისხმობ) ისევ მომისაჯა. სამართლებრივ ნაწილში არ მინდა შესვლა. სამართლებრივად ეს არაფერია, ცარიელი ადგილია. ეს არის უსამართლო, პოლიტიკური და პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც სუფთა ფორმალურად იმის დროც კი არ ჰქონდათ, რომ ამ საქმეს გაცნობოდნენ. გაბინაშვილი და უდიპლომო თადუმაძის ხელით მომისაჯეს ეს ბოდვა. რას ვაპირებ მე? პირველი და მთავარი, მე ჩემს კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვუთხარი –  მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე. გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს. ერთობა, რომელიც აქ სუფევს გამარჯვების წინაპირობაა, ამ გზაზე იქნება დაჭერები. გარე და საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, ივანიშვილი გონდაკარგულია. არავითარი დაჭერა არ შეგვაცვლევინებს ჩვენ აზრს და არ ვაპირებთ გოგოლის პერსონაჟთან ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ. ივანიშვილი ასეთი ქმედებებით ძაბავს სიტუაციას და ახდენს რადიკალიზაციას, ქვეყნისთვის ეს ცუდია, მაგრამ თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ მესამედ წავიდე ციხეში”, – თქვა გიგი უგულავამ.