„თბილავიამშენის“ 100-მდე თანამშრომელი გაიფიცა

პუბლიკა

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ, – აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ხელფასის ჩარიცხვას ყოველთვიურად აგვიანებს, რის გამოც მესამე დღეა, გაფიცულია დაახლოებით 100 დასაქმებული. მათივე თქმით, ქარხანაში შესვლას არ აპირებენ მანამ, სანამ არ შემუშავდება რაიმე მეთოდი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ხელფასის დროული ჩარიცხვა.

ქარხანაში დასაქმებული თეიმურაზ ქეშელაშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ, რეალურად, კომპანიას აქვს დიდი შეკვეთა აფრიკის კონტინენტის ქვეყნებიდან თვითმფრინავებსა და ვეტრმფრენებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტს შესაძლებლობა აქვს, გადაიხადოს დასაქმებულთა ხელფასები, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელმძღვანელობა, ეს პროცესი ჭიანურდება.

„მესამე დღეა, გაფიცულები ვართ. ასე გრძელდება 4-5 თვეა.  წინა წლის ნოემბრიდან ყველაფერი შეიცვალა, მმართველობაც. ეს ხალხი გამოჩნდა და არ ვიცით, რა მოხდა“, – თქვა თეიმურაზ ქეშელაშვილმა.

გაფიცულები ოქტომბრისა და უკვე ნოემბრის ხელფასის ჩარიცხვას მოითხოვენ.

„ჩვენი გაფიცვის მიზეზი არის ყოველთვიური დაგვიანება ხელფასის. გამოვალთ, გავიფიცებით,  შემდეგ ჩაირიცხება. ისევ შევალთ ქარხანაში, ვიმუშავებთ. დაპირება იყო არაერთი, რომ გამოსწორდებოდა, ყოველი თვის 10 რიცხვამდე იქნებოდა, მაგრამ ყოველი თვის 10 რიცხვისთვის, ჩვენ მოტყუებული ვრჩებით. უკვე დავიღალეთ, ყველას ოჯახი ჰყავს, ყველას შვილი ჰყავს და უნდა შემუშავდეს რაიმე მეთოდი, რის შემდეგაც ვეღარ შეძლებენ ესენი ხელფასის დარიცხვის დარღვევას“, – აცხადებს ქარხანაში დასაქმებული ჯუმბერ თათოშვილი.

გაფიცულები შეხვდნენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელს, გიგა ბექაურსაც. მისი თქმით, საწარმოზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო და უწყება ვალდებულია, მოიკითხოს მდგომარეობა. მისი თქმით, თუ გაფიცულების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი დაიკავებენ საწარმოს.

„2019 წელია და ჩვენ აქ გვიწევს დგომა იმისათვის, რომ ამ ადამიანებს აუნაზღაურდეთ შრომის საფასური. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის, ყველაზე დიდი ისტორიის მქონე საწარმო – „ავიამშენებელი“ ქარხანა ვერ ახერხებს ხელფასის დროულად ჩარიცხავს. ასეთი პრობლემები არ იყო ადრე და გაჩნდა ახლა. პასუხისმგებლობა არის მენეჯმენტის, თუმცა განსაკუთრებით საუბარია აღმასრულებელ დირექტორზე, ირაკლი გოგიბერიძეზე, რომელიც აქ მოვიდა გაურკვეველი იდეებით. ჩნდება კითხვები, კონკრეტულად ვისი იდეა იყო მისი აქ შემოყვანა. ჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება განზრახ ამ საწარმოს პოტენციალის ჩაკვლა“, – აცხადებს გიგა ბექაური.

გაფიცულების თქმით, დასაქმებულების საშუალო ხელფასი 800-1000 ლარია.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა „თბილაივიამშენის“ ქარხნის აღმასრულებელ დირექტორს, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

„ვინ გითხრათ, რომ ინტერვიუს მოცემა მინდა, კარგად ბრძანდებოდეთ“, – განგვიცხადა ირაკლი გოგიბერიძემ. მოგვიანებით მან სამეთვალყურეო საბჭოს წევრ ტარიელ ჩიჩუასთან გადაგვამისამართა. „პუბლიკა“ მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

„თბილავიამშენის“ თანამშრომლებმა 2019 წლის თებერვალშიც გამართეს საპროტესტო აქცია. ისინი მაშინ ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.