თბილისი – 445, აჭარა – 437 | ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1709 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 35 567-ს.

როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღინიშნა, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინი გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ, დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 16 904-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 20 ადამიანი. თბილისში – 7 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1 და კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 273 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა;
  • აჭარაში – 437;
  • იმერეთში – 388;
  • ქვემო ქართლში – 32;
  • შიდა ქართლში – 125;
  • გურიაში – 35;
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151;
  • კახეთში – 40;
  • მცხეთა-მთიანეთში – 12;
  • სამცხე-ჯავახეთში – 44;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში – 255, აჭარაში – 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი – მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 – აჭარაში, ხოლო 1 234 – თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი. მათგან თბილისში – 683, აჭარაში – 1 649. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი. აქედან თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.