თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება. თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტი წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს, 23 აპრილს, 16:30 საათზე, „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად გაიხსნება.

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე წიგნის დედაქალაქის სტატუსს გადმოიბარებს კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან, რომელმაც ეს სტატუსი შარშან მიიღო. უწყების ინფორმაციით, გახსნის ცერემონია ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც ოფიციალურ ნაწილს, კოსტუმირებულ პერფორმანსსა და ფოტო-აუდიოპროექტის ჩვენებებს მოიცავს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა.

პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.