Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ელჩები ესწრებიან

პუბლიკა

Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებაზე, სადაც დაგეგმილია ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით „სველი ქვიშა“, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლები ესწრებიან, მათ შორის არიან აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ადამიანის უფლებები ყველასთვის უნდა იყოს დაცული და წინა წლის 5 ივლისის მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ გარანტირებული იყოს გამოხატვის თავისუფლება, დაცული იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება.

„მოხარული ვარ, რომ Tbilisi Pride-ის პირველ საჯარო ღონისძიებას ვესწრები. Pride-ის კვირეული ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანის უფლებები ყველასათვის უნდა იყოს დაცული. ყველას აქვს ხმა და უფლება რომ ეს ხმა იყოს გაგებული. წინა წლის გამოცდილების გათვალისწინებით, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იყოს ყველასთვის და თქვენი, ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყოს“, – განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.

ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიება იმართება უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

ტერიტორიის მიმდებარედ იმყოფებიან ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, როგორებიც არიან „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება“; „ალტ-ინფო“ და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“.