თბილისის აეროპორტის გავლით ქაბულიდან ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება - მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაციის პროცესში საქართველოს როლთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს, როდესაც ავღანეთში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე, საქართველო კვლავ დგას მისი პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში. თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით (დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციისას“, – ნათქვამია განცხადებაში.