თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, ხოლო ორ ექიმს პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად 100 000 ლარიანი გირაო, ხოლო კლინიკის ორ ექიმს პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.


„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორისა და ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გუშინ გაავრცელა.

სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირთან ერთად, უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით კიდევ ერთი პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა ოპერაცია გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

პაციენტს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ყიფიანმა და ხოჭოლავამ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გიორგი ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად.


თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ თანამშრომლების დაკავების თაობაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საავადმყოფო „ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობაა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს“.