თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 10- სართულიანი, მრავალფუნქციური დანიშნულების სასტუმრო შენდება. დამკვეთი კომპანია შპს „მელიქიშვილი ინნ-ია“, რომლის მესაკუთრეებიც, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, უჩა მამაცაშვილი და ვახტანგ კარიჭაშვილი არიან. ისინი კომპანიის 50%-50%-იან წილებს ფლობენ.
ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. რეესტრის მიხედვით, კომპანიის ორივე მესაკუთრეს ორმაგი – რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.
ქალაქის მთავარ გამზირზე ახალი შენობის სიმაღლე პროექტის თანახმად 28.6 მ. იქნება. მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა 10-სართულიანი იქნება, საიდანაც 8 სართული მიწის ზედაა, 2 სართული კი მიწის ქვედა. საპროექტო შენობის პირველ სართულზე გათვალისწინებულია კომერციული ობიექტების (რესტორანი, სამზარეულო, ლაუნჯ-ბარი) განთავსება, ხოლო ზედა სართულებზე სასტუმროს ნომრები განთავსდება.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ობიექტზე მშენებლობის ვადად 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.
სამშენებლო ობიექტი თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. შესაბამისად, პროექტი მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზეც განიხილეს.
კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 6 წევრიდან 2 წევრს პროექტზე უარყოფითი დასკვნა ჰქონდა, თუმცა საბჭოს ხმების გადანაწილების შედეგად, 5 მაისს საბჭოს სხდომაზე პროექტი მოიწონეს და პროექტზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში 9 წევრი უნდა იყოს წარმოდგენილი, საიდანაც 3 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროდან უნდა იყოს. თუმცა მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები საბჭოს სხდომებს არ ესწრებიან. რესტავრატორმა, „ICOMOS საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნატო ცინცაბაძემ და ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელმა აღნიშნულ პრობლემაზე „პუბლიკასთან“ აპრილში ისაუბრეს.
პროექტს თან ახლავს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ხელოვნებათმცოდნეობითი და სხვა საექსპერტო დასკვნები, რომლებიც დადებით რეკომენდაციას აძლევენ პროექტს.
ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი ამბობს, რომ მელიქიშვილის N5-ის ფართობზე დაგეგმილი პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. მისი თქმით, თავიდან დაგეგმილი იყო 25-მეტრიანი ნაგებობის აშენება, რომელიც ეტაპობრივად გაიზარდა. ამაშუკელის შეფასებით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ამ მასშტაბის მშენებლობა არარელევანტურია და საერთოდ არ ითვალისწინებს ისტორიული ქალაქის შენარჩუნების ინტერესებს. ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელობის ადგილზე მშენებლობა კონკურსით უნდა მიდიოდეს და არა ერთი პიროვნების სურვილების შესაბამისად.
„ამ ტერიტორიას ადრე სხვა მფლობელი ჰყავდა, მერე შეიცვალა მფლობელი და მფლობელის შეცვლასთან ერთად მადაც გაიზარდა. ერთი არის ამ შენობის არარელევანტურობა – ის აბსოლუტურად მიუღებელი ზომისა და წონის შენობაა, ისევე, როგორც ვარაზის ხევისა და მელიქიშვილის კუთხეში არსებული უზარმაზარი შენობა. ბოლო წლებში მელიქიშვილის ქუჩამ მთლიანად იცვალა სახე, პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა და ეს მტკივნეულია. ამ ყველაფერს ქალაქის წაშლა და დანგრევა ჰქვია“, – განაცხადა მან.
ამაშუკელი პრობლემას კანონმდებლობაშიც ხედავს. მისი თქმით, ერთხელ დამტკიცებული პროექტის შეცვლა, იმდენჯერ, რამდენჯერაც მეპატრონე მოინდომებს, არ უნდა შეიძლებოდეს.
„საბედნიეროდ ჯერჯერობით კოეფიციენტის მატება არ არის შესაძლებელი თბილისში. მენაშენეს ზღვრულ კოეფიციენტამდე შეუძლია გაზრდა. თუმცა ისტორიულ ნაწილში ეს ზღვრული კოეფიციენტი კარგად არ მუშაობს, რადგან შენობა შეიძლება არ აჭარბებდეს დაწესებულ კოეფიციენტს, თუმცა, შეიძლება, რომ ისტორიული ქალაქის ქსოვილში მაინც არ ჯდებოდეს ახალი შენობა, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა“, – თქვა მან.
ვინ არის უჩა მამაცაშვილი
უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2022 წლის აპრილში გაავრცელა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესკავშირებზე რუსეთში.
ორგანიზაციების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს რუსეთში საერთო კომპანიები აქვთ რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან.
„უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია „გეო ორგანიკსის“ გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან ერთად, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ – ავტორი ანნა კუვიჩკოა“, – წერია „გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაიკითხეთ ვრცლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება.
ამასთან, უჩა მამაცაშვილის ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმესთანაც იყო დაკავშირებული. 2018 წელს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს შორის სატელეფონო საუბარი იყო. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ყიფიანი ოქუაშვილს ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ $2 მილიონის ქრთამს სთხოვს და ამბობს, რომ ამ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის არის განკუთვნილი.