რა გამოწვევები აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს

ქრისტინე მუჯირი

თბილისში, თაბორის მთაზე, ლანდშაფტის დაცვის ზონაში თბილისის მერიის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის განაშენიანების მიზნით გადაცემულია 2 მილიონი კვ.მ. მიწა, რომელზეც ინტერესს გამოხატავს „კრწანისი როიალ რეზედენსი“; „საქანელას“ პროექტი, ალავერდი და ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენები – ამ საკითხებზე 19 აპრილს „ღია საზოგადოების ფონდში“ გამართული დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს.

განაშენიანება თაბორის მთაზე

რატომ გაასხვისა თბილისის მერიამ ტყიანი სივრცე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში? – „ღია საზოგადოების ფონდმა“ ამ სახელწოდებით არქიტექტორ ნანო ზაზანაშვილის ურბანული ანალიზი გამოაქვეყნა, რომელზეც მომხსენებლებმა დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს.

ანალიზის თანახმად, თებერვალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქალაქის მერიისგან უსასყიდლოდ გადაეცა 2 მილიონი კვადრატული მეტრი მუნიციპალური მიწა თბილისში, თაბორის მთის მიმდებარედ. თაბორის მთას კანონი იცავს, ის თბილისის მნიშვნელოვანი ლანდშაფტური ნაწილია.

„ტყით დაფარული ეს ტერიტორია გამაჯანსაღებელი, სარეკრეაციო, თუ სხვა სასარგებლო ფუნქციით უნდა დაიტვირთოს და, ამდენად, მისი გაუნაშენიანებლად შენარჩუნება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თაბორის მთის დიდი ნაწილი,  მთის რელიეფისა და უნიკალური გეოგრაფიული თავისებურებების გამო, ჩვენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობაცაა“.

ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების შემზღუდავ პირობას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ ტერიტორიის 50% (100 ჰა) შედის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში, სადაც სამოქალაქო მშენებლობა მკაცრად არის აკრძალული.

ავტორი აღნიშნავს, რომ გაუნაშენიანებელი სივრცის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისა და სატყეო რესურსების არსებობის მიუხედავად,  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერით, განაშენიანებას გეგმავს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი – ნოშრევან ნამორაძე.

რესტავრატორმა, ICOMOS საქართველოს წარმომადგენელმა,  ნატო ცინცაბაძემ აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია თბილისის ლანდშაფტი ისტორიული ქალაქის იდენტობისთვის.

„თბილისის ისტორიული ნაწილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მთის, კლდის მდებარეობა და შემდეგ ამ რელიეფზე დასახლება, რომლის ხასიათიც რელიეფმა განსაზღვრა. ეს არის მთავარი ღირებულება ისტორიული თბილისისა… ამის გამო იყო, რომ 1985 წელს გაჩნდა ლანდშაფტის დაცვის ზონა. მას მანამდეც ჰქონდა იურიდიული დაცვის ზონა, ის მოიხსენებოდა როგორც ნაკრძალი, როგორც სამუზეუმო ქალაქი“, – თქვა მან.

მისი თქმით, 1999 წელს თბილისის ისტორიული ნაწილი წარდგენილი იყო მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში.

„მათ შეიძლებოდა, უარი ეთქვათ, რომ თბილისი არ აკმაყოფილებს გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას, ან ავთენტურობას, ან ინტეგრირებულობას. სინამდვილეში სამივე ეს კომპონენტი აღიარეს, მაშინ ჯერ კიდევ ადგილზე იყო ეს ყველაფერი. ქვეყანას დაუბრუნეს ნომინაცია და უთხრეს, შექმენით ამ ღირებულების შესაბამისი მართვის სისტემა. აქედან იწყება ის, რაც არათუ უმჯობესდება, არამედ უკან და უკან მიდის“, – თქვა მან.

თამარა ამაშუკელის განცხადებით, ზოგადად, კანონი, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას უნდა იცავდეს, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„ერთადერთი ნაწილი, რომელიც ინტერპრეტირების საშუალებას არ იძლევა, არის ლანდშაფტის დაცვის ზონა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ლანდშაფტის დაცვის ზონაში მშენებლობა აკრძალულია და თუ არის ამ ზონაში მშენებლობა, ხელისუფლება ვალდებულია, ეს მშენებლობა აღკვეთოს. თუმცა, ჩვენ უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ლანდშაფტის დაცვის ზონა არა გვაქვს, იმიტომ, რომ მერიის საბჭოში ყოველ სხდომაზე შემოდის ახალ-ახალი ობიექტები ლანდშაფტის დაცვის ზონაში და ისინი თავისუფლად იღებენ მშენებლობის ნებართვას“, – განაცხადა მან.

 

იცავს თუ არა კულტურის სამინისტრო თბილისის კულტურულ მემკვიდრეობას?

ნატო ცინცაბაძის თქმით, კულტურის სამინისტრო ბოლომდე არიდებს თავს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებლობას.

თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მართვა დელეგირებულია თბილისის მუნიციპალიტეტზე. ერთადერთი ბერკეტი, სადაც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და დაცვის თვალსაზრისით სამინისტრო შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული მიმდინარე პროცესებში – ეს არის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, სადაც სამინისტროს 3 წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა ბოლო თვეებში ისინი საბჭოს სხდომებს არ ესწრებიან, შესაბამისად, გადაწყვეტილებები სამინისტროს ჩარევის გარეშე მიიღება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  საბჭო შედგება 9 წევრისგან, რომელთაგან სამი თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია, სამი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან არის წარმოდგენილი და სამი მოწვეული ექსპერტია არასამთავრობო სექტორიდან.

საბჭოს სხდომებზე განიხილება – თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული შენობა–ნაგებობების სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხები; დედაქალაქის ტერიტორიაზე, ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ახალი მშენებლობის პროექტების, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციები და ა.შ.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ხელოვნებათმცოდნე, თამარა ამაშუკელმაც, რომელიც მერიაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დამოუკიდებელი წევრია. მისი თქმით, უკვე 6 თვეა კულტურის სამინისტრო საბჭოს სხდომებზე არ აგზავნის წარმომადგენლებს. სხდომაზე დარღვეულია ბალანსი და ხმები იმგვარად იყოფა, რომ მერიას შეუძლია, მსვლელობა მისცეს წარდგენილ პროექტს.

„უკვე 6 თვეა კულტურის სამინისტრო საბჭოს სხდომებზე არ აგზავნის სამინისტროს 3 წევრს. ეს წარმოუდგენელი რამეა, იმიტომ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მათ შორის თბილისის, უპირველესად, კულტურის სამინისტროს მოვალეობაა. საბჭოში შედის 3 ადამიანი და ეს სამი ადამიანი დაიბარა კულტურის მინისტრმა და მათ შეუზღუდა საბჭოს სხდომებზე მონაწილეობის უფლება. ამ სხდომებზე აბსოლუტურად დარღვეულია ბალანსი, როცა სხდომაზე იყოფა ხმა, ხელმძღვანელს აქვს 2 ხმა და ის ყოველთვის არის მერიის წარმომადგენელი. საბჭოში ჩვენ კი ვცდილობთ რაღაცებს, მაგრამ როდესაც „საქანელას“ პროექტის მსგავსი მასშტაბური პროექტი შემოდის, ჩვენ უძლური ვართ“, – განაცხადა თამარა ამაშუკელმა.

რა ხდება საქანელას ქუჩის პროექტზე?

ხელოვნებათცოდნე თამარა ამაშუკელი ამბობს, რომ საქანელას ქუჩის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტის ფონზე მფლობელი შეეცადა შეეცვალა პროექტი, თუმცა, ამაშუკელის თქმით, ის ვერ თმობს ვერცერთ კვადრატულ მეტრს.

„მან გადაანაცვლა შენობების სიმაღლის მასშტაბები, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ინვესტორს განაშენიანების რეგულირების გეგმა დაუმტკიცდა და ახლა დარჩა 2 ეტაპი. ესენია – პროექტის ესკიზის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება. მე ვერ ვხედავ ბარიერს, რატომ ვერ უნდა მიიღოს მშენებლობის ნებართვა. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი. ეს არის ის პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს მთელი უბანი“, – განაცხადა ამაშუკელმა.

ამაშუკელის განცხადებით, საქანელას ქუჩის პროექტი ჩაკეტავს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ხედვით არეალებს. ის აღნიშნავს, რომ სანაპიროზე რამდენიმე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთია გასხვისებული და საქანელას ქუჩის განაშენიანებით მტკვრის სანაპირო ზოლის განაშენიანების პრეცედენტი შეიქმნება.

„აქ არის ჩემი მთავარი კითხვა – რანაირად ეტყვიან იმათ უარს, როდესაც საქანელას პროექტს აუნთებენ მწვანეს? გამოდის, რომ ყველას დაუშვებენ და გამოდის, რომ ჩვენ მივიღებთ ორ დიდ კედელს სანაპიროებზე, მტკვრის გასწვრივ. ჩვენ ერთადერთი ქალაქი ვართ, სადაც მდინარე ფაქტობრივად უფუნქციოა და მომავალში  ბეტონის მრავალსართულიან კორპუსებში იქნება ჩაწოლილი. საქანელას ქუჩის პროექტი, სავარაუდოდ, მიიღებს ნებართვას“, – თქვა მან.

22 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულომ „საქანელას პროექტის“განაშენიანების გეგმა დაამტკიცა.

თბილისში, ყოფილი ელბაქიძის (ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის) ქუჩასთან, საქანელას ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ასახული განაცხადის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის ფართობი 65 000 კვ.მ.-ია და შედგება რამდენიმე ნაკვეთისგან, რომლებსაც სხვადასხვა მფლობელი ჰყავს. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მფლობელებს შორის არიან,   შპს „ცენტრ პლაზა“, „სილქნეტი“.

რა ხდება ალავერდის ტაძართან?

Icomos- ის წარმომადგენელი, რესტავრატორი ნატო ცინცაბაძე აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში საბჭოს სხდომაზე გაიტანეს სასტუმროს პროექტი, ალავერდის ტაძართან 500 მეტრში. მისი თქმით, ალავერდთან ნებისმიერი მშენებლობა არის „ის, რაც ყველაზე ცუდ სიზმარშიც წარმოუდგენელი იყო“.

„ალავერდი უნიკალური, მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მსგავსი ძეგლები. რაც ჩვენ არ გვაქვს ალავერდისნაირი გარემოა – ალავერდის მდებარეობა ალაზნის ველზე. ეს მდებარეობა საერთოდ არაფერს არ ჰგავს. იქ რომ მშენებლობა არ შეიძლება, ყველამ ვიცით, მაგრამ დაისვა ეს საკითხი და არ ვიცით, ამას გავუმკლავდებით თუ არა“, – თქვა ცინცაბაძემ.

ცინცაბაძის განცხადებით, ალავერდის ტაძართან მშენებლობის შესახებ თავდაპირველად ცნობილი მედიიდან გახდა, რის შემდეგაც „Icomos საქართველომ“ მეტი ინფორმაციის მისაღებად წერილი მისწერა სამინისტროს, სააგენტოსა და საპატრიარქოს.

„პირველი პროექტი საბჭოზე უკვე  გავიდა. წესით, საბჭო ამ პროექტს საერთოდ არ უნდა განიხილავდეს. არსებული კანონმდებლობა გამორიცხავს ალავერდის ტაძართან მასშტაბურ მშენებლობას, რადგან, როგორც ეროვნულ ძეგლს, კანონით მას აქვს ვიზუალური და ფიზიკური დაცვის ზონა. როგორც ვიცით, სამწუხაროდ, სააგენტოში არსებულ საბჭოში უმრავლესობა ამ პროექტზე მსჯელობს, როგორი უნდა იყოს ის.  ეს უკვე ძალიან საგანგაშოა, იმიტომ, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლება“, – თქვა ცინცაბაძემ.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ 3 თებერვალს გახდა ცნობილი. მშენებლობას კომპანია „ბადაგონი“ გეგმავს.  სასტუმროს Alaverdi Resort ერქმევა. როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა, რომელიც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.

სასტუმროს მშენებლობაში კომპანია 14 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს. სასტუმრო 32-ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღების შეძლებს.