თბილისის საკრებულომ „საქანელას პროექტის“განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

პუბლიკა

თბილისის საკრებულომ „საქანელას პროექტის“განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. „პუბლიკას“ ინფორმაცია თბილისის ურბანულ სამსახურში დაუდასტურეს. გეგმის დამტკიცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელმა გაავრცელა.

როგორც თბილისის მერიის ურბანულ სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, ხოლო დანარჩენ ეტაპებზე, მათ შორის, პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს დამატებით უნდა მიმართოს.

პროექტს ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სპეციალისტები დიდი ხანია აპროტესტებენ.

ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი 2021 წლის ივნისში „პუბლიკასთან“ აცხადებდა, რომ პრობლემა თავად საპროექტო ობიექტის მოცულობაა და შეუძლებელია მისი ისე განაწილება ისტორიულ ქსოვილში, რომ ის ორგანულად შეერწყას ისტორიულ ქალაქს.  

თბილისში, ყოფილი ელბაქიძის (ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის) ქუჩასთან, საქანელას ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ასახული განაცხადის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის ფართობი 65 000 კვ.მ.-ია და შედგება რამდენიმე ნაკვეთისგან, რომლებსაც სხვადასხვა მფლობელი ჰყავს. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მფლობელებს შორის არიან,   შპს „ცენტრ პლაზა“, „სილქნეტი“.

*განაშენიანების რეგულირების გეგმა – ეს არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს; განაშენიანების არქიტექტურულ-სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს; აზუსტებს, თუ როგორ განთავსდება შენობები; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს და ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.

წაიკითხეთ ვრცლად: