„საქანელას პროექტის“ დადებითი დასკვნა და უარყოფითი შეფასებები

ქრისტინე მუჯირი

თბილისში, ყოფილი ელბაქიძის (ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის) ქუჩასთან, საქანელას ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ესკიზზე თბილისის მერიაში არსებულმა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

კომპანიამ მერიის არქიტექტურის სამსახურს პროექტის ესკიზის შესათანხმებლად პირველად 2019 წელს მიმართა და მას შემდეგ პროექტი 3-ჯერ შეცვალა.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ასახული განაცხადის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის ფართობი 65 000 კვ.მ.-ია და შედგება რამდენიმე ნაკვეთისგან, რომლებსაც სხვადასხვა მფლობელი ჰყავს. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მფლობელები არიან:  შპს „ცენტრ პლაზა“, სააქციო საზოგადოება „თელასი“ და „სილქნეტი“.

აღსანიშნავია, რომ მერიაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 6 წევრიდან 3-მა პროექტი არ მოიწონა.

მიუღებელი მასშტაბი; გაუაზრებელი ურბანული და არქიტექტურული გადაწყვეტა; ქალაქის ისტორიულ ნაწილში სრულიად უცხო სხეული. – საბჭოს წევრების უარყოფითი შეფასებების მცირე ჩამონათვალია.

„შემოთავაზებული ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული კონცეფცია მიზნად ისახავს ძველ თბილისში ახალი უბნის წარმოქმნას, ე.წ. კვარტალური განაშენიანების პრინციპით, რომელიც იკავებს სამშენებლო ტერიტორიის დიდ ნაწილს. მოშენების ფართობის სიდიდის გამო, წარმოდგენილ კონცეფციაში მთლიანად იკარგება ერთიანი გამწვანებული, ლანდშაფტური ნაწილი“, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

საბჭოს მეორე წევრი დასკვნაში წერს, რომ პროექტი გაუაზრებელია, ურბანული თვალსაზრისით. კომისიის წევრისთვის  მიუღებელია პროექტის მასშტაბი და არქიტექტურული გადაწყვეტა, რადგან მისი განცხადებით, ის  ცვლის ისტორიული ქალაქის თავისებურებებს.

„წარმოდგენილი პროექტი არა მარტო უგულებელყოფს ისტორიული ქალაქის თავისებურებებს, არამედ უპირისპირდება მას – ანგრევს გარემოს; ცვლის მასშტაბს; სრულიად ცვლის ისტორიული ქალაქის ხედვისა და აღქმის არეალებს. პრაქტიკულად, ისტორიული ქალაქის ცენტრში მივიღებთ სრულიად უცხო სხეულს, ახალ უბანს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არსებულ გარემოსთან. მსგავსი უცხო, არსებულ გარემოსთან სრულ დისონანსში მყოფი უბნების დამღუპველი გავლენა შეგიძლიათ იხილოთ ქიაჩელის ქუჩაზე,  მირზაშაფის ქუჩაზე… მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ობიექტის სართულიანობა შემცირებულია, მათი ტერიტორიაზე განაწილება ისევ უცვლელი და მიუღებელია“, – წერს ის.

როგორც კომისიის წევრი აცხადებს, მიზანშეუწონელია ობიექტების მრავალწახნაგოვანი ფორმები საქანელას ქუჩისთვის.

„სანაპიროზე მაღლივი ობიექტის დაშვებამ, შესაძლებელია, სამომავლოდ ბიძგი მისცეს სანაპიროს მსგავსი პროექტებით განვითარებას. ეს დამღუპველი იქნება ისტორიული ქალაქისთვის, რადგან სრულად შეცვლის ქალაქის ძირითად მახასიათებლებს, მათ შორის ვიზუალურ კავშირებს“, – აცხადებს კომისიის წევრი.

„პუბლიკა“ ესაუბრა ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელს, რომელიც ძველ თბილისში პროექტით გათვალისწინებულ ახალი უბნის შექმნას ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, პროექტი მასშტაბური და პრობლემურია, თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ამის გამო კომპანია შეეცადა, დაეკორექტირებინა და მცირედით შეეცვალა პროექტი, შენობების გარკვეული ნაწილის სიმაღლე შეამცირა, თუმცა ფართის შენარჩუნების მიზნით გაზარდა ერთ-ერთი შენობის სიმაღლე. მისი თქმით, განხორციელებულმა ცვლილებებს სურათი დიდად არ შეუცვალია.

„გეგმარებითი კუთხით არაფერი არ შეუცვლია. პრობლემა თავად საპროექტო ობიექტის მოცულობაა, პრაქტიკულად, შეუძლებელია მისი ისე განაწილება ისტორიულ ქსოვილში, რომ ის ორგანულად შეერწყას ისტორიულ ქალაქს, არ შეიქმნას დისონანსი, არ გაჩნდეს სრულიად შეუსაბამო, ახალი უბანი“. – განაცხადა თამარა ამაშუკელმა.

თამარა ამაშუკელი შიშობს, თუ ამ შემთხვევაში დაიშვება პრეცედენტი და მაღლივი ნაგებობა აშენდება მარჯვენა სანაპიროზე, ეს გზას გაუხსნის სამომავლოდ სხვა მაღალ მშენებლობებს, რაც პრობლემური იქნება ქალაქის ამ ნაწილისთვის.

„სანაპიროს გასწვრივ რამდენიმე მიწის ნაკვეთია გასხვისებული. ისინი კერძო მფლობელობაშია და რა თქმა უნდა, მათაც გაუჩნდებათ სურვილი, ააშენონ მაღლივი შენობები. თუ ამ ტენდენციას პერსპექტივაში შევხედავთ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ მარჯვენა სანაპიროზე მაღლივი კორპუსების რიგი, ეს კი სრულად შეცვლის ისტორიული ქალაქის მახასიათებელს, დაიფარება და ჩაიკეტება ვიზუალური კორიდორები მარცხნიდან მარჯვენა, სანაპიროზე და პირიქით“, – აღნიშნავს ამაშუკელი.

ამაშუკელის თქმით, პროექტის მშენებლობის გაცემის ეტაპზე მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი საჯარო განხილვა და მეტი დაინტერესებული პირის ჩართვა განხილვის პროცესში.

სილქ როუდ ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი, გიორგი კაპანაძე, რომელიც ამ შემთხვევაში „საქანელას პროექტს“ წარმოადგენს, აცხადებს, რომ ისინი პროფესიონალებს უსმენენ.

„სილქ როუდ ჯგუფის“ სატელეკომუნიკაციო ბიზნესია „სილქნეტი“, რომელიც საქანელას ქუჩაზე ნაკვეთებს ფლობს.

როგორც გიორგი კაპანაძე განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტმა ვნებათაღელვა გამოიწვია, ის სამჯერ შეიცვალა და გავიდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე.

მისივე თქმით, წინა პროექტებსაც ჰქონდა დადებითი დასკვნა საბჭოსგან და მათ არ ჰქონდათ რამდენჯერმე შეცვლის ვალდებულება. კაპანაძის თქმით, კომპანიამ გაითვალისწინა სპეციალისტების შენიშვნები.

შეკითხვაზე, თუ შეხვდნენ სპეციალისტებს, ვინც ეწინააღმდეგება პროექტს, კაპანაძემ უპასუხა, რომ იცნობენ მათ მოსაზრებებს თუმცა არ ეთანხმებიან, მათ შორის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრების უარყოფით შეფასებებს.

„ორ მაღალი დონის სპეციალისტს შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდეს ერთსა და იმავე პროექტზე. ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ მოეწონება რამე. ყველასთვის მოსაწონი პროეტის გაკეთება შეუძლებელია. სამჯერ გავიტანეთ პროექტი საბჭოზე, შუალედებში ვითვალისწინებდით შენიშვნებს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანმე დადებითი დასკვნა გვქონდა. ამას არც ერთი კომპანია არ გააკეთებდა. პროექტის გადაკეთება, მით უმეტესს ასეთი მაღალი დონის პროფესიონალებთან ურთიერთობა, საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული.“, – ამბობს კაპანაძე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქანელას ქუჩის პროექტს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითი რეკომენდაცია აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს ესკიზი ძველი ქალაქის ამ ურბანული ნაწილისთვის პრობლემურად არ მიაჩნია.

ახლა კომპანია ელოდება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას, რათა მსვლელობა მიეცეს პროექტს და კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მიიღოს.

*განაშენიანების რეგულირების გეგმა – ეს არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს; განაშენიანების არქიტექტურულ-სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს; აზუსტებს, თუ როგორ განთავსდება შენობები; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს და ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.

სააქციო საზოგადოება „სილქ როუდ ჯგუფი“ ფლობს Radisson Blu და Radisson Collection-ის სასტუმროებს. ასევე, „სილქ როუდ ჯგუფი“  აშენებს მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსს – „ბათუმი რივიერა“.