თბილისის მერია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას აპირებს

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიამ „სითი პარკთან“ მორიგება შეძლო და კომპანიისგან შეისყიდა მის მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან თანხის მოთხოვნის უფლება. კალაძის თქმით, თბილისის მერიას სურს, რომ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები ჩამოწერონ და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს წარუდგენენ.

„ამ ჯარიმებიდან თანხის მოთხოვნის უფლება თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, რომ მოვამზადოთ საკანონმდებლო ინიციატივა და გამოვცეთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია.

მოქალაქეებს ჩამოვაწეროთ ეს ჯარიმები – დაახლოებით 850 000 ლარზეა საუბარი. აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომლებიც აღსრულების ბიუროსთვის არის გადაცემული და რომლის ფარგლებშიც უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს ამ უწყებას“, – განაცხადა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, „სითი პარკი“ ყოველწლიურად 1 200 000 ჯარიმას უწერდა მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში მათ უფლებებს ლახავდა, რაც ამ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

„დღეს ამ საქმიანობას ეწევა „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“. შედარებისთვის, იწერებოდა 1 200 000 ჯარიმა, ხოლო რაც სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, იწერება დაახლოებით 500 000 ჯარიმა. ქალაქში არის წესრიგი და არც არავინ არის უკმაყოფილო“, – თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ მორიგების შედეგად, ჯარიმებთან ერთად „სითი პარკისგან“ მერიამ საჭირო ინვენტარი და ინფრასტრუქტურაც წაიღო.

„მოვახერხეთ ის, რომ მოვილაპარაკეთ. არც სასამართლოში მიდის დავა, შეწყვეტილია და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადება. მოხდა მორიგება, მორიგების შედეგად ჩვენ წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება ცალმხრივად 2018 წელს გაწყვიტა, რის შემდეგაც კომპანიამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.