თბილისის მერია ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ კურიერი კალაძის გინების გამო დააჯარიმეს

პუბლიკა

თბილისის მერია ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც TikTok-ზე გამოთქმული მოსაზრების შინაარსის გამო კურიერი 2 000 ლარით დააჯარიმეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერდა, რომ დაჯარიმებული კურიერი ვიდეოში თბილისის სატრანსპორტო რეფორმას აპროტესტებდა და აკრიტიკებდა მძღოლებს, ვინც სამსახურებრივ პრივილეგიებს იყენებს და ავტობუსის ზოლში მოძრაობს. ასევე მწვავედ აკრიტიკებდა და ლანძღავდა პოლიციელებს, რომლებიც მოქალაქეებს შერჩევითად აჯარიმებენ.

თბილისის მერია კი აცხადებს, რომ ზოგიერთმა მედიაგამოცემამ კურიერის დაჯარიმება  სოციალურ ქსელში თბილისის მერის სიტყვიერ შეურაცხყოფას დაუკავშირა, რაც ტყუილია. მერიის განცხადებით, მსგავსი ფორმით გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა აღშფოთებაც გამოიწვია.

„როგორც გაირკვა, ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა“, – აცხადებს თბილისის მერია.


საიას მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 მარტის დადგენილებით კურიერი TikTok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი, სასამართლოს მოსაზრებით, სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ამიტომ პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დამრღვევად მიიჩნია.

როგორც საია წერს, სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე.

რაც შეეხება 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კურიერი დაუმორჩილებლობის მიზეზით არ დაუჯარიმებიათ. სასამართლომ მხედველობაში მიიღო პოლიციელის მიერ შედგენილი ოქმი, რომ სამართალდამცველმა პოლიციელების შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო ნახა და აღიქვა შეურაცხყოფად.