თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის 17.7 მლნ-იანი ტენდერი გამოაცხადა

პუბლიკა

დღეს, 16 იანვარს თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის 17.7-მილიონლარიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან – „მილენიუმ ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” ხელშეკრულებები გაწყვიტა.

მერიის განცხადებით, კონტრაქტორმა კომპანიებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არწარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა.

ახალი ტენდერის აღწერაში წერია:

„კომპანიების მხრიდან ობიექტზე შეფერხებით სრულდებოდა სამუშაოები, რაც დასტურდება სამუშაოების დროს განხორციელებული ინსპექტირებებით და გატარებული სანქციებით. გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და საავტომობილო მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებულ სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო მათ გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას.

გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში და დასრულდეს ოპტიმალურ ვადაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოების ზომები ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილებით მოსარგებლე პირებისთვის, ამასთან, არ გახდეს საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსები, მექანიკური დაზიანებებით მიღებული დეფექტების გამოსწორებაზე”.

კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპთან” 22-მილიონლარიანი კონტრაქტი იყო გაფორმებული, „ერ ტე დე”-სთან – 9-მილიონლარიანი.

bm.ge-ს თანახმად, შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ამ კომპანიებისთვის ამ დრომდე გადახდილი თანხა 11.6 მილიონი ლარია, რაც მთლიანად პროექტის ღირებულების 37%-ია. შესაბამისად, გამარტივებული ხელშეკრულების ჩათვლით პროექტის მთლიანი ღირებულება ფაქტობრივად უცვლელი იქნება და ის 29.3 მილიონ ლარს შეადგენს.