თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც გიგაშვილი ამბობს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, ის მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს. გიგაშვილი აღნიშნავს, ის სრულად ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

„დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციაში რამდენჯერმე დაიკითხა. ამასთან, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი მოადგილე დააკავა.

18 ოქტომბერს შსს-მ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი და თანამშრომლები და ექსპერტები დააკავა.

გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.