IDFI: 2018 წელს თბილისის მერიამ თანამდებობის პირების ანაზღაურებაზე 1 245 380 ლარი დახარჯა

პუბლიკა

თბილისის მერიის მიერ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებისთვის დახარჯულმა ჯამურმა თანხამ 2017 წელს 23 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2018 წელს – დაახლოებით 23 მლნ 900 ლარი. თუმცა აღსანიშნავია, რომ შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2018 წელს 4 მილიონი ლარით არის შემცირებული, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება, 3,4 მილიონი ლარით გაზრდილი, – IDFI თბილისის მერიის ხარჯების (2017-2018 წლები) შესახებ კვლევას აქვეყნებს.

რაც შეეხება თანამდებობის პირებს, მერიამ მათ ანაზღაურებაში 2017 წელს 1,243,392.08 მლნ. ლარი დახარჯა, ხოლო 2018 წელს – 1,245,380.00 მლნ. ლარი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და ფაქტობრივად დანამატის ის ოდენობა მოიცვა, რომელსაც ისინი 2017 წელს ყოველთვიურად იღებდნენ, რის ხარჯზეც საერთო ანაზღაურების ჯამური თანხის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა. ფულადი ჯილდოების (პრემია) შემთხვევაში კი, თუ 2017 წელს პრემიები ფაქტობრივად არ გაიცემოდა და მათმა საერთო ოდენობამ თანამდებობის პირების შემთხვევაში 7,900 ლარი შეადგინა, 2018 წელს ამ თანხამ 70,000-ს მიაღწია.

IDFI-ის განმარტებით, 2017 და 2018 წლებში ანაზღაურების განსხვავებული სისტემა გამოწვეულია საკანონმდებლო ცვლილებებით. კერძოდ, 2018 წელს ამოქმედდა ცვლილებები საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების წესთან დაკავშირებით. შეიცვალა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის პროცედურა: დაწესდა საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და თითოეულ თანამდებობას მიენიჭა შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტი, რომელთა ნამრავლითაც ანგარიშდება თანამდებობრივი სარგო.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია „იმედშია” კონცენტრირებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს რეკლამაში 233,073 ლარი დაიხარჯა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 127,926 ლარი – რეკლამის დამზადება;
  • 86,857 ლარი – პირდაპირ ეთერში სატელემაუწყებლო მომსახურება, საიდანაც ნახევარი, 43 ათას ლარზე მეტი ტელეკომპანია „იმედში” კონცენტრირდა, 40 ათას ლარზე მეტი კი – ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში”.
  • 17,829 ლარი – სოციალურ ქსელში სარეკლამო მომსახურებით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადი, სოციალურ ქსელში სარეკლამო მომსახურებაზე უკუდაბეგვრით დღგ-ის გადასახადი და ინტერნეტით რეკლამის განთავსება.

კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე