თბილისის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
„რადიო თავისუფლების” ცნობით, შესაბამისი ბრძანება ბაღის თანამშრომლებმა, მათ შორის აღმზრდელებმა დღეს, 20 მარტს, მიიღეს.
„ეცნობოს […] ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ სტრუქტურული ერთეულების გარდაქმნასთან და შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებასთან დაკავშირებით“. – წერია ბრძანებაში, რომელსაც „თავისუფლება” ავრცელებს.
თბილისის საბავშვო ბაღები მერიას ექვემდებარება.
უწყებაში „პუბლიკას” უთხრეს, რომ გამოცხადებული რეორგანიზაცია მთლიანად თბილისის მერიას ეხება, არა მხოლოდ ბაღებს.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა, არაერთი საჯარო უწყების, მათ შორის, თბილისის თანამშრომლებმა „ოცნების” გადაწყვეტილება დაგმეს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთგულება გამოხატეს.
პასუხად საქართველოს სხვადასხვა საჯარო სამსაუხრიდან, მათ შორის თბილისის მერიიდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს.
1 დეკემბერს მერმა და „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, კახა კალაძემ თქვა: „მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა“.
4 დეკემბერს კალაძე დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც EU-ში ინტეგრაციის შეჩერება გააპროტესტეს – განცხადებას მან „საბოტაჟი” უწოდა და თქვა, რომ „პასუხგაუცემელი არ დარჩება”.