მასალა განახლებულია
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო.
განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. მან ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და შემდეგი სასჯელი მიუსაჯა:
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს – 5 წელი;
ია დარახველიძეს – 5 წელი;
კონსტანტინე კოკაიას – 5 წელი;
კახაბერ მჟავანაძეს – 5 წელი;
დავით სტურუას – 5 წელი;
დავით ჟღენტს – 5 წელი;
ზაქრო ალბუთაშვილს – 5 წელი.
გიორგი ჩახუნაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული ია დარახველიძე. ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.
თავდაპირველად, მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას განაცხადა, რომ დარახველიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას სასჯელის ზომა შეეშალა.
როგორც დარახველიძის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე „პუბლიკას“ ეუბნება, მას დაუკავშირდა სასამართლოს შემადგენლობა და აცნობეს, რომ „ეს ხარვეზი“ იყო.
ია დარახველიძისთვის ბრალად წარდგენილი მუხლი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შვიდივე ბრალდებულს ბრალი სხვადასხვა მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
კერძოდ: გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და დავით ჟღენტს პროკურატურა ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა; ია დარახველიძეს კი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
4 ოქტომბრის საქმის აღნიშნულ ეპიზოდს 15 ბრალდებული ჰყავდა. 8 მათგანმა – ევა შაშვიაშვილმა, ალექსანდრე გოგოლაძემ, გოჩა ყატაშვილმა, სულხან აბრალავამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გენადი კელიხაშვილმა და დათო ღუწკაიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და საპატიმრო დატოვა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა. პირობების თანახმად, მათ 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედოთ.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპისთვის საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.