თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას სთხოვს, ჩიჩილაკები და ნაძვის ხეები მათ მიუტანონ

პუბლიკა

„ჩიჩილაკებისა და ნაძვის ხეების დაშლა-არმოშლის გზაგასაყარზე მეტად საჭირო პოსტს გთავაზობთ და აბა თქვენ იცით, მოსდეთ ქვეყანას ეს ამბავი.” – ვკითხულობთ ფეისბუქპოსტში, რომელსაც თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

“მოკლედ, რა ხდება ახლა. ნაძვის ხეები მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს კი არ გვაქვს, ზოოპარკში ცხოველებსაც ვუხალისებთ დღესასწაულებს. აგერ, ბატონო, ასე შეხვდნენ ახალ წელს ჩვენი დათვები და მგლები. ხუმრობა საქმე კი არაა, იმგვარი ნაძვის ხე წამოვუჭიმეთ, ლამაზიც იყო და გემრიელიც. ფაქტიურად, სუფრა გავუშალეთ, ოღონდ – ვერტიკალურად. რას აღარ ნახავდით ზედ ჩამოკონწიალებულს – ლოყაწითელი ვაშლებიო, ხრამუნა სტაფილოებიო, ქვეშ კოხტად შემოლაგებული გოგრები, თივის წვიმები, ხის სათამაშო ბურთები. ვარსკვლავიც კი დახვდათ, კენწეროში დაკოსებული. ამ ვარსკვლავს მხოლოდ იდეური და ესთეტიკური დატვირთვა კი არ ჰქონდა, სათამაშოც იყო. რომ ჩამოგლიჯეს, მშვენივრად აგორავეს, ფხოჭნეს და დორდლეს.

ჰოდა, რა გვინდოდა გვეთქვა. ეს ნაძვის ხე კი იყო გადასარევი, მაგრამ ნაახალწლარ ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ. ჩვენზე მეტად კი – ჩვენს ბინადრებს. ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ – სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ. მოკლედ, სადაც ამ ნაძვის ხეს დაამაგრეს ვარსკვლავი, ჩიჩილაკებსაც საინტერესო ფუნქციას მოუძებნიან.

თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები” – ვკითხულობთ განცხადებაში.