თბილისსა და რიგას შორის საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება

პუბლიკა

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „airBaltic“-ს შორის.

აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან იმ 5 ქვეყნიდან, რომელსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, სამი ბალტიისპირა ქვეყანაა.

„ამით როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდთან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენაც უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

რაც შეეხება რეისებს რიგის მიმართულებით, ავიაკომპანია რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისების შესრულება აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით იგეგმება. ავიაციის სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე რეისების სიაა გამოქვეყნებული:

✈ რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება / Riga-Tbilisi-Riga scheduled…

Posted by სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA on სამშაბათი, 28 ივლისი, 2020