თბილისში 2011-2017 წლებში, დაახლოებით, 55 ჰა სარეკრეაციო ზონას შეეცვალა სტატუსი მშენებლობისთვის – აუდიტი

ქრისტინე მუჯირი
  • როგორ ხდებოდა თბილისში 2011-2018 წლებში მშენებლობის ნებართვის გაცემა და რა როდენობით მშენებლობაზე გაიცა ნებართვა?

  • რამდენად იყო ნებართვების გაცემის პროცესში საკანონმდებლო ნორმები დაცული?

სახელმწიფო აუდიტმა ეს და სხვა საკითხები თბილისის მერიასა და სსიპ – თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში მოიკვლია.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში სამშენებლო სექტორის უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მასშტაბური ზრდის ტენდენციით გამოირჩევა და აღნიშნულის ზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს დერეგულაცია წარმოადგენდა.

აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, თბილისში რიგ შემთხვევებში მშენებლობები განხორციელდა სარეკრეაციო ზონების ათვისების ხარჯზე.

 

2011-2017 წლებში, დაახლოებით, 55 ჰა სარეკრეაციო ზონას შეეცვალა სტატუსი მშენებლობისათვის დასაშვებ ზონად. ყოველწლიურად 8 ჰექტარი რეკრეაციული ზონა იცვლებოდა სამშენებლო დანიშნულების ზონად.

2011-2018 წლებში განაშენიანების ინტენსივობა, დაახლოებით, 50%-ით გაიზარდა 270 ჰა ტერიტორიაზე.  (კ2 კოეფიციენტის მატება, რაც გულისხმობდა  დაშვებულთან შედარებით უფრო დიდი შენობის აშენების უფლებას).

აუდიტის დასკვნის მიხედვით,  განაშენიანების ინტენსივობის მატების დროს არ იყო დაცული კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპები. 2011-2018 წლებში განაშენიანების ინტენსივობის მატებაზე წარდგენილი განცხადებების 56% დაკმაყოფილდა.

2011−2018 წლებში სპეციალური ზონალური შეთანხმებების შედეგად 2,668 ათას კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე გაიცა 11,344 ათასი კვ.მ  ფართის აშენების უფლება, ნაცვლად გენერალური გეგმით განსაზღვრული 7,714 ათასი კვ. მ-სა.

„აღნიშნული მიუთითებს, რომ დედაქალაქში სპეციალური ზონალური შეთანხმებების გზით გაიცა გენერალური გეგმით განსაზღვრულთან შედარებით დაახლოებით 1,5-ჯერ მეტი ინტენსივობით განაშენიანების უფლება“,  – წერია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

ასევე, აღნიშნულია, რომ მერიის სუსტი ადმინისტრირების გამო,  სპეციალური ზონალური შეთანხმების შედეგად მისაღები მოსაკრებელიდან, მერიამ დაახლოებით 50 მლნ ლარის შემოსავალი ვერ მიიღო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მერია მენაშენეებისთვის ზონალური შეთანხმების შემდეგ დაწესებულ გადასახადზე ერთწლიან საშეღავათო პერიოდს უწესებდა, თუმცა ვადების დარღვევისას, არ მიმართავდა სპეციალურ ზომებს, რათა თანხა ამოღებულიყო.

2016-2017 წლებში საბჭოს მიერ მიღებული სპეციალური ზონალური შეთანხმების გადაწყვეტილებების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ შედეგად 80 შეთანხმებიდან არც ერთ შემთხვევაში, წარმოდგენილ მასალებში არ იყო დასაბუთებული სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის მიზანშეწონილობა, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

2019 წლის მარტში ახალი გენერალური გეგმის მიღებასთან ერთად შეიზღუდა სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. შესაბამისად, მაჩვენებელმაც იკლო.

2011-2018 წლებში ყველაზე მეტი ნებართვა საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ შენობა-ნაგებობებზე გაიცა. მაგ: მხოლოდ მრავალბიანიან კორპუსზე 1172 ნებართვა გაიცა.

ჯამში, 2011-2018 წლებში საცხოვრებელ ფუნქციის შემცველი შენობებზე გაიცა 2 699 ნებართვა.

დედაქალაქში არსებობს ექსპლუატაციაში მიუღებელი, მაგრამ შესახლებული შენობა-ნაგებობები.  აღნიშნული ტიპის შენობების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ის არ შეადგენს გრაფიკზე მითითებულ რიცხობრივ მაჩვენებელზე ნაკლებს.

თბილისში საცხოვრებლად გამოიყენება ექსპლუატაციაში მიუღებელი, მინიმუმ, 651 შენობა, რომელთაგან 342 აშენდა 2011-2018 წლებში, ხოლო 309 − 2011 წლამდე გაცემული ნებართვების საფუძველზე.

გადადით ბმულზე და წაიკითხეთ ვრცლად აუდიტის ანგარიში