„თუკი არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნები, დაანონსდება აქცია, რომელიც ჩატარდება თბილისში. ჩვენ არ ვართ მოტივირებული და მიუხედავად ადამიანების სურვილებისა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს აქცია არ დავაჩქაროთ“ – ამის შესახებ სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. გოლეთიანის თქმით, ადამიანების სურვილის მიუხედავად, ცდილობენ, აქციის გამართვა არ დაჩქარდეს.
„ჩვენ თვითონვე, სპეციალურად ჩვენივე დღის წესრიგში მაქსიმალურად შორს ვდებთ [თბილისის აქციას] იმიტომ, რომ ვიცით, იქ დადგომა უკვე, აბსოლუტურად სხვა პასუხისმგებლობაა და ჩვენ მოგვიწევს ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება“, – განაცხადა გოლეთიანმა.
გოლეთიანის თქმით, საჭიროა ხელისუფლებამ გაიაზროს და კარგად, საღად და სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესი.
„ის რომ მართული არ არის ეს ყველაფერი არც გარე და არც შიდა ძალებისგან, ამიტომაა ყველაზე უფრო საშიში – ადამიანები მართლა ეროვნული სულისკვეთებით და მართლა ღირებულებებით არიან გაერთიანებულები. ამ ღირებულებებით ის მიიყვანს საქმეს ბოლომდე. ამისთვის ვართ დღს ჩვენც მოსულები. ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ერთი ჩვენგანი ამ ბრძოლაში არ დაიღლება და თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, როგორც მთელი ეს თვეებია ვაკეთებთ, ვიცით, რომ არც მუხტი ჩაქრება“, – აღნიშნა გოლეთიანმა.
აქციების ორგანიზატორებს ამ ეტაპზეც არ დაუსახელებიათ კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეიძლება თბილისში საპროტესტო აქცია გამართონ.
უკვე მეორე დღეა, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, „უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით“, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები.
3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება კი გააპროტესტა.