თბილისში, დიპლომატების მონაცემების შემცველი დოკუმენტების ქუჩაში აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა, საბუღალტრო ოფისის მიღმა ტერიტორიაზე – შენობის სადარბაზოში განათავსა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენასთან და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ისინი შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებენ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დოკუმენტები, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შესყიდვებს შეეხებოდა და შეიცავდა პირად ინფორმაციას თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე იპოვეს.

მოგვიანებით, კომპანიის ბუღალტერმა, რომელიც ამ მასალებს ფლობდა, განაცხადა, რომ დოკუმენტები დალუქულ ყუთებში იყო და არ იცის, როგორ აღმოჩნდა ისინი ქუჩაში.