თბილისში გამართული კონფერენციის მონაწილე ცხინვალშიც იმყოფებოდა, ორგანიზატორი მის აქ ჩამოსვლას უარყოფს

პუბლიკა

თბილისში 22 აპრილს ორგანიზებული კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი რამდენიმე დღის წინ ცხინვალში იმყოფებოდა. 20 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ვალენტინა კომლევამ ცხინვალში შეხვედრები გამართა ადგილობრივ მედიასა და უნივერსიტეტის რექტორთან.

ვალენტინა კომლევა კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსიტუტის (НИИРК) დირექტორის მოადგილეა კვლევების მიმართულებით. ორგანიზაცია კი კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ვალენტინა კომლევა თბილისში გამართული ღონისძიების მომხსენებელთა სიაშიც წერია, თუმცა კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გულბაათ რცხილაძე მის თბილისში ყოფნას უარყოფს. რცხილაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მან გააფრთხილა კომლევა ოკუპაციის კანონის დარღვევის შესახებ და ამიტომ ის ონლაინ ჩაერთო.

„მე გავაფრთხილე ქალბატონი ვალენტინა, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი, რომელიც მესაზღვრეს, ძალიანაც რომ უნდოდეს, უკრძალავს მის შემოშვებას. ცუდი მიზნებით არ იყო ნამდვილად, გვინდა, რომ დალაგდეს ურთიერთობა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის, მაგრამ ფაქტი როცა არის და მისი სტუმრობა არ ყოფილა შეთანხმებული ჩვენს ხელისუფლებასთან, მაშინ ასეთი ტიპის სანქცია მოქმედებს. ამიტომ არ ჩამოსულა ქალბატონი ვალენტინა“, – ამბობს გულბაათ რცხილაძე „პუბლიკასთან“.

რა კონფერენცია გაიმართა თბილისში და ვინ არიან ორგანიზატორები?

რაც შეეხება თბილისში გამართულ ღონისძიებას, ის გაიმართა კონფერენციის ფარგლებში, სახელწოდებით – „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგი – 2024. მიზიდულობის ძალები“.

ორგანიზატორების მიხედვით, მასში მონაწილეობას იღებდნენ რუსი და ქართველი ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, კონფერენციის თემა კი იყო „ტრადიციული რირებულებები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“.

НИИРК-ის ვებსაიტის მიხედვით, თბილისში გამართულ კონფერენციას სამი ორგანიზატორი ჰყავდა. თავად რუსული ორგანიზაცია НИИРК და საქართველოში მომუშავე პრორუსული მიმართულების ორგანიზაციები: SIKHA foundation, რომლის ხელმძღვანელიც არის არჩილ სიხარულიძე და ევრაზიის ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელიც გულბაათ რცხილაძეა.

ასევე რუსული ორგანიზაციის მიხედვით, ვალენტინა კომლევასთან ერთად, კონფერენციის მომხსენებლებს შორის არიან საზოგადოებასთან ურთიერთობის რუსული ასოციაციის პრეზიდენტი, ევგენი მინჩენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წამყვანი მკვლევარი, ალექსანდრ იაკოვლევი და მსოფლიო სამხედრო ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარი ევგენია გორიუშინა, რომელზეც მითითებული იყო, რომ ვიდეოფორმატით ჩაერთვებოდა.

კონფერენცია „რუსეთი და მსოფლიო: მიზიდულობის ძალები“ ერთგვარი „ქუდია“ და რამდენიმე ღონისძიებას აერთიანებს. მათ შორის იყო კონფერენცია ოკუპირებულ ცხინვალში 19 აპრილს და თბილისში – 22 აპრილს. კონფერენციის ფარგლებში გასვლითი ღონისძიებები ასევე დაიგეგმა ან უკვე ჩატარდა ბელარუსში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, დასკვნითი კონფერენცია კი 23-24 მაისს მოსკოვში უნდა გაიმართოს.

„ეს იყო სამეცნიერო კონფერენცია, ფასეულობათა სისტემა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. აქ ინდოეთზეც იყო ლაპარაკი, ირანზეც, საქართველოზეც, რუსეთზეც. ფართო პროფილის კონფერენცია იყო.

იყო ჩამოსული რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც საერთოდ არანაირი კავშირი, არათუ უშიშროებასთან, არც ცხინვალთან, არც არაფერთან არ ჰქონიათ. მეცნიერების კონფერენცია იყო. მე ვიყავი ერთ-ერთი მომხსენებელი და დანარჩენი ხალხი იყო ჩართული ინტერნეტის ჩართული. ძირითადად ონლაინ კონფერენცია იყო, აქ კი ვინც იყო ჩამოსული, ლამის ტურისტად იყო“, – ამბობს გულბაათ რცხილაძე „პუბლიკასთან“.

ვინ არიან НИИРК-ის დამფუძნებლები?

რუსული სააგენტო АГЕНСТВО-ს მიხედვით, რუსული ორგანიზაცია НИИРК-ის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საგარეო დაზვერვისა (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან.

რუსული სააგენტო ეყრდნობა რუსულ მონაცემთა ბაზა – СПАРК-ს, რომლის მონაცემებით, ინსტიტუტი НИИРК 2020 წელს დაარსდა.

დამფუძნებლებს შორისაა გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი გრიბინი, КГБ-ის ყოფილი რეზიდენტი კოპენჰაგენში. მონაცემთა ბაზის მიხედვით, ის ხელმძღვანელობდა კომიტეტის მე-3 განყოფილებას და მისი პასუხისმგებლობის ზონაში, სხვა საკითხებთან ერთად შედიოდა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და სკანდინავიის ქვეყნები. გრიბინი, რუსეთის სპეცსამსახურების ისტორიის ვებსაიტის მიხედვით, ხელმძღვანელობდა საგარეო დაზვერვის აკადემიასაც.

დამფუძნებლებს შორის არის ბიზნესმენი ირინა ზავესნიტკსაია, რომელიც სააგენტო АГЕНСТВО-ს მიხედვით, რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, რომელზეც – ვლადისლავ გასუმიანოვი.

ინსტიტუტის ვებსაიტზე გასუმიანოვის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ ის 1982 წლიდან 2001 წელამდე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებსა და დაზვერვაში მსახურობდა.

„გასუმიანოვისა და გრიბინის გარდა НИИКР-ის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან საბჭოთა და რუსული სპეცსამსახურების სხვა ვეტერანებიც. მათ შორის: КГБ-ს მე-5 ოპერატიული განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი, ანატოლი ბოლიუხი. ФСБ-ს კონტრდაზვერვითი ოპერაციების დირექტორატის უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი, ბორის მიროშნიკოვი. ასევე საბჭოშია რუსეთის კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გენერალ-პოლკოვნიკი, ვალენტინ სობოლევი“, – წერს სააგენტო.