გვქონდა დიდი, „ოქროს ბირჟის" კლასტერი, რომელმაც დაახლოებით 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია - გამყრელიძე

პუბლიკა

თბილისში რომელიმე კონკრეტულად გამოკვეთილი კლასტერი არ გვაქვს, – ასე უპასუხა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  შეკითხვას – დედაქალაქში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი რისგან არის გამოწვეული, არის თუ არა გამოკვეთილი რომელიმე კლასტერი.

„არა, აღარ არის გამოკვეთილი ასეთი [კლასტერი]. არაფერი დასამალი არ არის, გვქონდა დიდი, „ოქროს ბირჟის” კლასტერი, რომელმაც დაახლოებით 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია და ამ 100-მა ადამიანმა თავიანთი ოჯახის წევრები და სხვები დააინფიცირა. მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ თბილისში მხოლოდ ამ შემთხვევებმა მისცა სტიმული, ასეთი რამ არ არის. ქვეყანაში არის შიდა გავრცელება…”, – განაცხადა გამყრელიძემ.


დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 297 იყო თბილისში.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ დაწესდება, იქნება „წერტილოვანი“, მსგავსად აჭარისა. გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება, შეეხოს ყველა ქალაქს, მათ შორის, თბილისს.