ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც 1000 ადამიანი მონაწილეობდა, ახალ კორონავირუსზე ანტისხეულები 6 მათგანს აღმოაჩნდა.
მისი განმარტებით, კვლევის მიზანი იყო, გამოეკვლიათ ჯანმრთელ მოსახლეობაში ადამიანების რა ნაწილს ჰქონდა გამომუშავებული COVID-19-ზე ანტისხეულები. მისივე თქმით, კვლევის შედეგები საბოლოო ჯერ არ არის, მონაცემები დამუშავების პროცესშია. ცერცვაძემ აქვე განმარტა, რომ გუშინ, 26 მაისს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მან შეცდომით 6 ადამიანის ნაცვლად, 6 პროცენტი დაასახელა, რაც ტექნიკური შეცდომა იყო და სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი, უნებლიე, ტექნიკური შეცდომა და ვთქვი, რომ, წინასწარი მონაცემებით, გვყავს 6-10 პროცენტი, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ. ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 დადებითი შედეგი.
ჩვენ კვლევა მთელ საქართველოში არ ჩაგვიტარებია. ჩავატარეთ თბილისში. დედაქალაქის მოზრდილ მოსახლეობაში, ანუ 860 000-კაციან ქალაქში ჩატარდა კვლევა 1000 კაცზე და მიღებულ იქნა 6 დადებითი შედეგი ანტისხეულებზე. ახლა უნდა მოხდეს ამ მონაცემის ექსტრაპოლაცია, ანუ გადათვლა მთელ მოსახლეობაზე. ეს მაჩვენებელი, პრინციპში, გაცილებით უფრო ცოტაა, ვიდრე ეს იყო ნიუ იორკში, ლოს ანჟელესსა და სტოკჰოლმში. ამ ქალაქებში შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში. შეფარდება ავადმყოფებსა და სეროპოზიტიურებს შორის დაახლოებით მსგავსია. ანუ სეროპოზიტიურების რაოდენობა დაახლოებით 5-ჯერ და 7-ჯერ აღემატება ავადმყოფების რაოდენობას. ეს ასეც უნდა იყოს ყველა ქვეყანაში და ყველა ინფექციაზე “, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.