თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.

„„112“-ში შემოვიდა შეტყობინება გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. შეტყობინების მიღებისთანავე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მაშველები დაკარგულ მოქალაქეს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ“,- ნათქვამია საგანგებოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, პროცესში ჩართული იყო 3 მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო 4 ნავი.