„თბილისში იქნება განგრძობითი აქცია" - გოლეთიანი 23 მაისის აქციის მოსამზადებელ პერიოდზე

პუბლიკა

„თბილისის აქცია იქნება განგრძობითი აქცია. შევიკრიბეთ და დავიშალეთ – ასე არ იქნება. ჩვენ დაველოდებით უკვე კონკრეტულ პასუხს ხელისუფლებისგან ჩვენი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად უკომპრომისოები”, – ამის შესახებ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ლანჩხუთში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე „პუბლიკასთან” საუბრისას განაცხადა.

თბილისის აქციამდე, რომელიც 23 მაისს არის დაგეგმილი, აქტივისტები სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

დღეს ისინი ლანჩხუთში ჩავიდნენ, შემდეგ კი ოზურგეთსა და ჩოხატაურსაც ეწვევიან. გუშინ ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ცაგერსა და ამბროლაურში.

„დავდივართ სხვადასხვა ქალაქში, ვხვდებით ადამიანებს, რომ უშუალო კომუნიკაციით უფრო კარგად გავაგებინოთ ჩვენი პროტესტის ძირითადი მიზანი”, – განაცხადა გოლეთიანმა.