თბილისში კეკელიძის N1-ში ჩვილბავშვიანი ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ

პუბლიკა

თბილისში კეკელიძის N1-ში ჩვილბავშვიან ოჯახს ასახლებენ. ადგილზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს თანამშრომლები და პოლიციაა მობილიზებული. გამოსახლების ხელშესაშლელად ადგილზე შეკრებილები არიან მეზობლები და მხარდამჭერები და ცდილობენ, გამოსახლების პროცესს ხელი შეუშალონ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და ოჯახის მეზობლებს შორის დილიდან შეხლა-შემოხლა იყო. ვიდეოს გამოსახლების პროცესის შესახებ „მაუწყებელი“ ავრცელებს.

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროდან „პუბლიკას“ განუცხადეს, გამოსახლების პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება და ოჯახის მეზობლების წინააღმდეგობა ვერ იქნება სამართლებრივი საფუძველი გამოსახლების პროცესის გადადებისთვის. აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა პაატა შამუგიამ განაცხადა, რომ თუ მხარეები მოახერხებენ შეთანხმებას, აღსრულების ეროვნული ბიურო გაითვალისწინებს და შეთანხმების მიხედვით იმოქმედებს.

„აღნიშნული საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულია 2018 წლის სექტემბერში. იმის გამო, რომ მოვალე ოჯახს ჰყავდა ავადმყოფი ერთხელ უკვე 2020 წელს ეს საქმე გადაიდო. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს საქმე შეჩერებული იყო 3 თვის განმავლობაში. ასევე, პანდემიის პერიოდში მთავრობის დადგენილების შესაბამისად გამოსახლების პროცესი გადაიდო“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, პარალელურად აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები აქტიურად იყვნენ ჩართულები საქმის განხილვაში და ბიუროს ჰქონდა კომუნიკაცია როგორც მოვალესთან ისე კრედიტორ მხარესთან, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

„სამწუხაროდ მოვალე მხარე და კრედიტორი მხარე ვერ თანხმდებიან, ვერ ახერხებენ გამოსავლის ნახვას. ეს საქმე 4 წლისაა და აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – თქვა მან.

იპოთეკით დაზარალებული მარინა ხატიაშვილი, რომლის ოჯახსაც ასახლებენ „მაუწყებელთან“ ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკიდან ჰქონდა სესხი აღებული და თვენახევრის გადაცილების გამო მისი საქმე გადაეცა პრობლემური სესხების განყოფილებას. მისი თქმით, პანდემიის დროს ოჯახს შეეძინა ბავშვი, რომელიც ახლა არის 3 თვის და ამ გამოსახლების შემდეგ ის საცხოვრებლის გარეშე რჩება.

„საქართველოს ბანკიდან მქონდა 20 000 აღებული. 23 000-მდე დაბრუნებული მაქვს.  თვენახევრის გადაცილების გამო გადაეცა პრობლემურს და შემდეგ სასამართლოს გადასცეს. ვერ მოხერხდა შეთანხმება. არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდნენ რესტრქუტურიზაციას. ამასთან საქართველოს ბანკს იმდენი დარღვევა აქვს ჩემს შემთხვევაში…

პანდემიის მორატორიუმის პერიოდში შეგვეძინა ბავშვი, რომელიც არის 3 თვის. ჩვენი მდგოამრეობა შეიცვალა. ერთია, რომ ჩემი ნათესავი, რომლის სახლიც „პურის მოედანზე“ ავარიულია და პრაქტიკულად ნახევრად ნანგრევებია – იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა და ჩემთან  ცხოვრობს. ამას დამატებული სამი თვის ბავშვი, რომელიც ასე დაუცველია ამ ქვეყანაში“, – განაცხადა „მაუწყებელთან“ იპოთეკით დაზარალებულმა მარინა ხატიაშვილმა.