თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არაბული წარწერა დააზიანეს

პუბლიკა

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ დაზიანებულია არაბული წარწერა ისტორიულ ძეგლზე. წარწერა, სავარაუდოდ, გუდრონით გადაშალეს.

ამის შესახებ დაწერა ორგანიზაცია „თბილისი ჰამქარის“ წარმომადგენელმა ცირა ელისაშვილმაც.

„თბილისში სულ 3 ეპიგრაფიკული არაბულ წარწერიანი ძეგლია ნაპოვნი. ერთი სეიდაბადში (მე-7 ს.), მეორე სოფელ დიღომთან მაჩხანში (მე-9 ს.) და მესამე 2012 წელს გამოვლინდა, პუშკინის ქუჩაზე, ძველ გალავანში ჩაშენებული ლოდის სახით, რომელზეც 6 სტრიქონიანი ამოკაწრული არაბული წარწერაა დატანილი.

პირველი 4 სტრიქონი არ იკითხება. ბოლო ორი – ნაწილობრივ. წარწერა არაბული კალიგრაფიის ქუფურ სტილს განეკუთვნება. ტექსტი გვამცნობს, რომ წარწერა შესრულებულია სალლამ იბნ ჰაბბანის ან ჰაიანის მიერ ჰაჯის მეორე საუკუნეში, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-8 – მე-9 საუკუნეების მიჯნაზე.

ეს წარწერა ქვიშაქვაზეა გაკეთებული. ქვიშაქვა რბილი და პრობლემური ქვაა, გამოქარვისა და გაფხვიერებისკენ მიდრეკილი. ვიღაც ვანდალმა, გადაწყვიტა თბილისში არაბული კვალის მოსპობა და ცხელი გუდრონით გადაშალა წარწერა! ეს არის კანონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მუხლი 31-ს დარღვევა, რაც ძეგლის განზრახ დაზიანებას ნიშნავს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, “- წერს ის.

შემთხვევას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ავტორს. მე დილიდან ადგილზე მივავლინე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ იქ მომხდარი იყო ვანდალიზმის ფაქტი და ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის გაცემის პროცედურები შესაბამის სპეციალისტებზე, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადგილზე შესაბამისი დაცულობის მექანიზმი ისევ დაყენდეს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის კომენტარი სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.