თბილისში უკვე მეორე დღეა, მაშველები და სამართალდამცავები 34 წლის ქალს ეძებენ. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ საქმე 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტზე სიუჟეტი „მთავარმა არხმა“ მოამზადა. არხის ინფორმაციიით, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი თავს არ მოიკლავდა და, სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მეგობარმა კაცმა მიიყვანა, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ყოფილი სამართალდამცავია.
ჟურნალისტის განცხადებით, დაკარგულის ოჯახი ამბობს, რომ ქალი ორსულად იყო და ტრაგედიის ღამეს მეგობარ მამაკაცთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, არსებობს ჩანაწერიც, რომლითაც დასტურდება, რომ წყვილმა რესტორანში იკამათა, რის შემდეგაც მანქანით წავიდნენ ერთად, მანქანიდან გადავიდნენ, ცოტა ხანში კი, მამაკაცი მანქანასთან მარტო დაბრუნდა.
მთავარი არხის ინფორმაციით, ოჯახი ამბობს, რომ ამ მამაკაცმა სამართალდამცავებს ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ეს ქალბატონი მტკვარში გადახტა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ოჯახი დახმარებას და ამ მამაკაცის დაკავებას მოითხოვს, რადგან ფიქრობენ, რომ ყოფილ პოლიციელს, რომელმაც ქალი თვითკვლელობამდე მიიყვანა, მოქმედი პოლიციელები მფარველობენ.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა ოჯახის ახლობელს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ, მათი ინფორმაციით, მეგობარი მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.