თეა წულუკიანის წინააღმდეგ ეკა კიკნაძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

პუბლიკა

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის ეკა კიკნაძის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში სასამართლომ შრომითი კანონმდებლობის დარღვევა არ დაადგინა.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას კიკნაძის ადვოკატი ცირა ჯანანაშვილი ამბობს, სასამართლომ ბათილად არ ცნო სამსახურიდან მისი გათვისუფლების შესახებ ბრძანება. პირველმა ინსტანციამ მხოლოდ ლაბორანტის პოზიციაზე მისი გადაყვანის შესახებ აქტი გააბათილა.

საქალაქო სასამართლომ კიკნაძის სასარგებლოდ სამინისტროს კომპენსაციისა და განაცდურის გადახდა დააკისრა.

კიკნაძე ამტკიცებდა, რომ იგი უკანონოდ და დისკრიმინაციულად გაათავისუფლეს ეროვნული გალერეისა და სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან და დანიშნეს ლაბორანტად, შემდეგ კი, ლაბორანტის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

სარჩელში კიკნაძე ყურადღებას ასევე ამახვილებდა წულუკიანის მხრიდან შეურაცხმყოფელი ტონისა და დამოკიდებულების შესახებ.


ეკა კიკნაძე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის პოზიციიდან თეა წულუკიანმა 2022 წლის იანვარში გაათავისუფლა. ეკა კიკნაძის ადგილას კი ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა. კიკნაძე 2022 წლის ივლისში ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. 2022 წლის ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება მახვილდებოდა შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზე“, რასაც დარგის სპეციალისტების პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. სწორედ აღნიშნულ დასკვნას აკრიტიკებდა ეკა კიკნაძეც, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა და ის ლაბორანტის პოზიციაზე დანიშნეს. მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი გათავისუფლებას თავის საჯარო განცხადებებს უკავშირებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან.