თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება.

მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნნენ.

სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებათ.

ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კი, კონკურსი გამოცხადდა.  კონკურსი გამოცხადდა გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2022 წლის პირველ იანვარს გასდის უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა. დღეს გამოცხადდა კონკურსი ოთხ პოზიციაზე, სამ პოზიციაზე დაინიშნნენ სამხატვრო ხელმძღვანელები.