კულტურის სამინისტრო „საქართველოს მუზეუმელთა ალიანსისა“ და „საუკეთესო მუზეუმელის“ კონკურსის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გუშინ თბილისში „საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა“ პირველი ყრილობა გამართა.
ღონისძიებას თეა წულუკიანი, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი ესწრებოდნენ.
ორივე მათგანი თეა წულუკიანმა დანიშნა აღნიშნულ თანამდებობებზე და მათ სახელს უკავშირდება მუზეუმებიდან კვალიფიციური ადამიანების გათავისუფლების პროცესი.
შეხვედრაზე საზეიმოდ გამოვლინდა 3 „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ:
იზოლდა მელიქიშვილი – სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე – სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
გერმანე კაზალიკაშვილი – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი მენეჯერი – ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის;
ნაზიბროლა ქორთუა – სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველი – ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის.
უწყების ცნობით, დელეგატებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ისაუბრეს დარგში მიმდინარე პროცესების, წარმატებებისა და გამოწვევების, სამინისტროს ხედვისა და ინიციატივების შესახებ.
„ასამბლეაზე შეჯამდა განხორციელებული რეფორმები, პროექტები და სამუზეუმო სფეროს მეტი წარმატებისთვის სამომავლო გეგმებიც დაისახა. მნიშვნელოვანია, რომ დელეგატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები სამუზეუმო სფეროს შესახებ უფრო ვრცლად და კონკრეტულად საგანგებოდ შედგენილ კითხვარშიც აესახათ.“ – ვკითხულობთ პრესსრელიზში.
————————————————————-
თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საკადრო ცვლილებები დაიწყო. მალევე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „რეპრესიებად“ შეფასდა. 2021 წლის თებერვალში ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლა არაერთი კვალიფიციური თანამშრომელი, მათ შორის დირექტორი ეკა კიკნაძე, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძე, გიორგი გაგოშიძე, გიორგი ჭეიშვილი და დინარა ვაჩნაძე. ამ უკანასკნელსღა კულტურის სამინისტროს მისი გათავისუფლების საქმეზე დავა სასამართლოში უკვე მოუგო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან და მოპასუხე მხარეს კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.
თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის შემდეგ კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლების გათავისუფლება მის მიერვე დანიშნული ნიკა ახალბედაშვილის ხელით დაიწყო.
სწორედ ნიკა ახალბედაშვილი აწერდა ხელს ბრძანებებს, რომლებიც 24 მაისს ეროვნული მუზეუმიდან ოცმა თანამშრომელმა მიიღო. ჯამში ეროვნული მუზეუმიდან ნიკა ახალბედაშვილმა 30-მდე ადამიანი გაათავისუფლა.
თეა წულუკიანის „რეპრესიულ საკადრო პოლიტიკას“ უკავშირდება ქარვასლის მუზეუმიდან ცნობილი კურატორის ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლებაც. საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს ლიკა მამაცაშვილმა მიმართა.
მუზეუმელებმა საკუთარი უფლებები დასაცავად პროფკავშირი დააფუძნეს. მუზეუმის მოქმედი თანამშრომლების სახელით შრომითი დავა დაიწყეს მუზეუმის ადმინისტრაციასთან. გათავისუფლებულებმა კი გათავისუფლების ბრძანების გაუქმების მიზნით სასამართლოს მიმართეს.