თეა წულუკიანმა სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი და კანცლერი წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი, მხატვარი და პროფესორი ყარამან ქუთათელაძე და ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ლალი თარიმანიშვილი წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ახალი რექტორის არჩევნები გაუმჯობესებული წესდებით გაიმართა და პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართა.

სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორის არჩევნები  18 ნოემბერს ჩატარდა. რექტორის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობდა, რომელიც გახდა კიდეც აკადემიის რექტორი. აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, რექტორად ოთხი წლის ვადით ყარამან ქუთათელაძე აირჩია.

სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) პოზიციაზე ლალი თარიმანიშვილი ასევე კონკურსის წესით შეარჩია აკადემიურმა საბჭომ და დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა. ის ამ პოზიციაზე 26 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით დაინიშნა. აკადემიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში. 2022 წლის ოქტომბრამდე იყო კულტურის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი.

LB loan image desktop LB loan image mobile