თეატრალურ უნივერსტიტეტში, სადაც 80 დღეზე მეტია, სტუდენტების ნაწილი პროტესტის ნიშნად ღამეს ათევს, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა დილას შენობის დეზინფექცია ისე დაიწყო, სტუდენტებისთვის წინასწარ არ უცნობებია. შეწამვლის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტის დაცვამ მათ ალტერნატიულ სივრცეში გადასვლა მოსთხოვა.
სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული სივრცე პატარაა და სხვა სივრცეც არსებობს, რომელიც უფრო დიდი და მისაღებია, თუმცა დაცვა სტუდენტებს ამ სივრცის გამოყენებაზე უარს ეუბნება.
ამ საკითხზე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა.
სტუდენტები აცხადებენ, რომ პოლიციამ გამოკითხა როგორც ისინი, ასევე თეატრალურის დაცვის სამსახურის უფროსი, რის შემდეგაც შენობა დატოვა.
„გვეუბნებოდნენ, რომ სწავლა იწყება და ვერ გაგრძელდება ჩვენი პროტესტი ასე, ფორმა უნდა შეიცვალოს. ჩვენი ნივთები გაიტანეს სალაროში, სადაც არის დაახლოებით 5 კვადრატული მეტრი. ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ვერსიას, სადაც არის აივანი და ამ აივანზე გავჩერდებით, არც სუნი შეგვაწუხებს და თუ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, უსაფრთხოდ ვიქნებით.
პოლიცია როცა მოვიდა, დაცვის უფროსმაც უთხრა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთო, რომ ეს არ იქნება ასეო და ან შევლენ იქ, სადაც ვთავაზობთ, ან დატოვებენ შენობასო“, – განაცხადა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა.
„პუბლიკასთან“ საუბარში ლიზა წერეთელმა თქვა, რომ პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის შენობა უკვე დატოვა და სტუდენტები გააფრთხილა, რომ თუ ადმინისტრაცია კიდევ გამოიძახებს მათ, ისინი შენობაში უნებართვო პროტესტისთვის დაჯარიმდებიან.
მისი თქმით, სტუდენტები ჯერჯერობით იმ სივრცეში რჩებიან, სადაც ამ დრომდე იყვნენ და დაძაბულობა განმუხტულია.
განახლება:
უნივერსიტეტში პოლიცია დაბრუნდა და სტუდენტები დააჯარიმა