თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები: მოვითხოვთ რექტორის გადადგომას

პუბლიკა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის, გიორგი შალუტაშვილის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, გადადგომის მოთხოვნის მიზეზი შალუტაშვილის მიერ თეატრალური უნივერსიტეტის შენობიდან საპროტესტო ბანერების გადმოკიდების გამო ფოიეში სტუდენტებისთვის საკვების მიწოდებაში ხელის შეშლაა.

„ჩვენ ორი დღის წინ გადმოვკიდეთ ბანერები, ერთი შიგნით თეატრალურიდან, რამდენიმე გარედან დავკიდეთ და ამას მოყვა ადმინისტრაციისგან ის, რომ დაგვსაჯეს, არ მოგვცეს საჭმლის შეწოდების უფლება იმ ბავშვებისთვის, ვინც იყვნენ შიგნით უნივერსიტეტში და აპროტესტებდნენ.

არ მოგვცეს მათი ჩანაცვლების უფლება, რასაც ჩვენგან მოჰყვა ძალიან დიდი პროტესტი. ეს რეალურად იყო დასჯა, იმის გამო, რომ ჩვენ გადმოვკიდეთ ბანერი ხელახალი არჩევნების მოთხოვნით.” — ამბობს მაშო მაყაშვილი, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი.

მაყაშვილის თქმით, შალუტაშვილი მათი პროტესტის დაწყების პირველივე დღიდან „ყველანაირ პასუხისმგებლობას ხან დაცვას, ხან წარმომადგენლობის საბჭოს და აკადემიურ საბჭოს აკისრებს”.

„სწორედ ამის მცდელობა იყო მისგან ის, რომ საჭმელი არ შეაწოდეს, გადაბრალებოდა დაცვას, თუმცა, რეალურად, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს და ამის გადაწყვეტა შეუძლია, არის გიორგი შალუტაშვილი. ამის ფონზე და იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მიზეზი დაგვიგროვდა აქ სწავლის განმავლობაში, გადავწყვიტეთ, რომ ბატონი გიორგის გადადგომა მოგვეთხოვა“. — აცხადებს სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი.

„პუბლიკა“ ცდილობს გიორგი შალუტაშვილთან დაკავშირებას და დეტალების გარკვევას.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა 18 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე პროტესტის ნიშნად დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ სოლიდარობის განცხადება გაეკეთებინა.

უნივერსიტეტმა 19 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომლითაც სოლიდარობა მხოლოდ დაზარალებულებს გამოუცხადა. ასევე, მიუთითა, რომ „მხარს უჭერს დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე – ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე”.

სტუდენტები ამ განცხადებას გაემიჯნნენ და მას სამარცხვინო და მათთვის მიუღებელი უწოდეს.

ისინი უნივერსიტეტის ფოიეში პროტესტს აგრძელებენ.