თელავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთავში პოლიციამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული ი.გ. დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს – 1976 წელს დაბადებულ კ.მ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს, ასევე, მათ დედას – 1954 წელს დაბადებულ ე.მ.-ს და საკუთარ შვილს – 1993 წელს დაბადებულ გ.გ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.