თემირლან მაჩალიკაშვილის ნივთები ოჯახს გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ დაუბრუნეს - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი ნივთები ოჯახს გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ, 5 ივლისს დაუბრუნეს.

„5 ივლისს, საქმეზე გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს სრულად დაუბრუნა  სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები.  როგორც ცნობილია, თბილისის პროკურატურაში მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიება 2020 წლის იანვარში შეწყდა. ამავე პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეწყვიტა გამოძიება მაჩალიკაშვილის მიმართ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე. ორივე უწყებაში გამოძიების შეწყვეტის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა წლების განმავლობაში უარს აცხადებდნენ 2017 წლის 26 დეკემბერს, მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების დაბრუნებაზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონის გადმოცემის შემდეგ, „ჩვენ ვერ შევძელით მისი სათანადო დათვალიარება, რადგან მის Facebook და WhatsApp აპლიკაციაზე წვდომა ვერ ხერხდება. თუმცა ჩვენ დავათვალიერეთ ტელეფონში შენახული სხვა მონაცემები, მათ შორის, ფოტო მასალა და მასში ახალი შინაარსის მონაცემები და ინფორმაცია, მით უფრო, რაც ოფიციალური გამოძიების ნარატივებთან იქნებოდა კავშირში, ვერ აღმოვაჩინეთ“.    

„წლების განმავლობაში, სუს-ის და პროკურატურის განმარტებით, უარი ნივთებისა და ამოღებული ფულადი თანხის დაბრუნებაზე განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ უწყებებს უნდა შეესწავლათ ამოღებული ფულადი თანხის წარმომავლობა და მისი შესაძლო კავშირი ჩატაევის დაჯგუფებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარვუდგინეთ არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ  ამოღებული თანხა ეკუთვნოდა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს, უწყებები მაინც ცდილობდნენ ის ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან დაეკავშირებინათ. თუმცა, საქმის ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად მიუთითებდა, რომ მაჩალიკაშვილს შემხებლობა ჩატაევთან არ ჰქონია და შესაბამისად, არც ფინანსური რესურსებით უსარგებლია. ამას ადასტურებს,  სუს-ის და გენერალური პროკურატურის მიერ 5 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებაც და ამ ფულისა და სხვა ნივთენის ოჯახისთვის დაბრუნება“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაციის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი სიახლეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც. საქმეზე, რომელშიც მაჩალიკაშვილის მშობლებმა სასამართლოს მიმართეს და სუსის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება  მოითხოვეს, 2022 წელს, მეორე ინსტანციის სასამართლომ, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა ნიშნების მიუხედავად, სასამართლოებმა მაჩალიკაშვილების სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

„იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ დონეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის და ამის გამო მაჩალიკაშვილების ოჯახის ღირსების შელახვის საქმეზე  უფლების აღდგენა ვერ მოხერხდა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ ნაწილში დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნის“, – აცხადებს ორგანიზაცია.


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფისა და აშკარად არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე განაცხადი 2019 წლის ივნისში გაიგზავნა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაჩქარებული განხილვა დაიწყო. 2020 წლის ბოლოსთვის ევროპულმა სასამართლომ საქმეზე უკვე დაასრულა კომუნიკაცია მთავრობასთან და მათ შორის, მიიღო „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მოსაზრებები სამართლიანი დაკმაყოფილების (just satisfaction) საკითხებზე. ამ დრომდე ორგანიზაციაში ელოდებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.